December 30, 2013

ჩემი რეცეპტები (ელექტრონულ) წიგნად: არ მჯერა და არადა მართალია

             ჯერ ხუმრობა მეგონა. მერე დიანამ მითხრა რომ სრულიად სერიოზული ამბავი იყო. ჰოდა მეც სრული სერიოზულობით მივუდექი ამ ამბავს. დავჯექ წერად რეცეპტებისად. ხელახლა დავწერე ძველი რეცეპტები და მივუმატე ბევრი ახალი. 
            მცირე საჭირო გადახვევა: ამასწინ კულინარიის წიგნებზე ფრანგულ ტელევიზიაში გადაცემას ვუყურე. გაანადგურეს წიგნის ავტორები - თურმე ფოტოებზე სულ გაყალბებული კერძებია. აის ფოტოები, მოხარშული ბოსტნეული ცინცხალივით რომ გამოიყურება. ჰოდა, სადღაც სიამაყით გავიფიქრე რომ თუკი ჩემი ფოტოების ხარისხი ალაგ-ალაგ მოიკოჭლებს, ყველაფერი ნამდვილია და არმოგონილი. 
              ასე რომ, თუ ფრანგული კულინარია გაინტერესებს, გიხსნი ქართულ და გასაგებ ენაზე. არათარგმნილ რეცეპტებს, შენ რომ ცდი და რომ გამოგივა ისეთებს, ნახავ აი აქ: 

              მადის გასახსნელად ნახე ფოტოები. ეს ის კერძებია, მარტო წიგნში რომ დარჩება. ბლოგზე კი შემოიხედე, ვაგრძელებ თავგადასავლებს და თებერვალში მაკარონების ეკლიან გზას უნდა შევუდგე.

              (თუ დიანა ანფიმიადის "პირადი კულინარია" არ წაგიკითხავ, ესე იგი პირველწაკითხვის სიამოვნება გელის და მშურს შენი  https://saba.com.ge/books/details/1070)


 ორაგულის ულამაზესი და უგემრიელესი კრემი

 კარტოფილის გრატანი
 მწვანე ლობიო პერსიადით
 კიში პრასით და თხის ყველით
 კიში ლორენი
 ქათამი ბასკურად ანუ ქალბატონი ქათამი დაბრაწული და ჩაშუშული ღვინის სოუსში
 აში პარმანტიე
კრევეტების და მანგოს სალათი












ვაშლის ტარტი ტატანი - საოცრებათა საოცრება

December 16, 2013

Tarte au citron meringuée / ლიმნის ტარტი ბეზეთი ან ბეზეს გარეშე

  



მისი ბრწყინვალება ლიმნის ტარტი! ჩემი საყვარელი ტარტი დახვეწილია და ფაქიზი, ლამაზი და თან დელიკატური. ლიმნის ფაფუკ კრემს ისეთი ძალა აქვს, ისეთი, რომ პირში ფრანგები, როგორც ამბობენ, გემოების აფეთქება ხდება. ვიცი რომ ქართულად დიდად ლამაზად არ  ჟღერს, მაგრამ უკეთესი შედარება არ არსებობს - ლიმნის ტარტი ბომბია, ბომბი, დამიჯერეცოტა რთული რეცეპტია და ერთი  ათი ტარტი  მაინც გავაკეთე, სანამ ჩემი არ გავიტანე და იდეალურ რეცეპტს არ მივაგენი. სადმე რომ მიმაქვს,  ყველა მეუბნება,  რომ კონდიტერის  გაკეთებულს გავს  :)

ცომისთვის:
220 გრამი ფქვილი
120 გრამი კარგად შერბილებული კარაქი
60 გრამი შაქრის პუდრა
1 კვერცხი
120 გრამი ნუშის ფქვილი, თუ არ გვაქვს ჩავანაცვლოთ ფქვილით
მწიკვით მარილი
1 კილო კაკალი ლობიო - არ ვხუმრობ

ლიმონის კრემისათვის:

3 ყვითელი და ერთიც მწვანე ლიმონი - თუ პატარებია, 4 (დაახლოებით 140-160გრ წვენი ზესტთან ერთად, გააჩნია როგორი სიმჟავის გიყვარს )

130 გრამი შაქარი

3 მთლიანი კვერცხი + 3 კვერცხის გული

160 გრამი კარაქი

მწიკვით მარილი

მეოთხედი ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი ( თუ გვაქვს)

ბეზესთვის:
80 გრამი კვერცხის ცილა - 3 კვერცხის ცილა დაახლოებით
80 გრამი შაქარი
1 ლიმნის ცედრა
ცოტაც შაქრის პუდრი

ცომი:
გააცხელე ღუმელი 170 გრადუსზე.
ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურაზეა. აურიე ყველაფერი. ფხვიერ ცომს ნამეტანი ზელა არ უხდება-თქო. ფრთხილად იმუშავე, გააკეთე ბურთი და შეაგდე ცომი მაცივარში 15 წუთით. ამ დოზებით 2 ტარტისდენი ცომი გამომდის. ვყოფ შუაზე და ნახევარს ვაგდებ საყინულეში. შემდეგ ჯერზე ნახევარი საქმე მოთავებული მაქვს. მერე გაიყვანე დარჩენილი ნაწილი  18 სანტიმეტრიანი ფორმისთვის. დაიმახსოვრე - რაც უფრო თხელია ცომი, მით უფრო ელეგანტურია ტარტი. სქელი ცომი ტარტს არ უხდება - ყველა სხვა გემოს ფარავს და ლიმონის კრემი სრულიად იკარგება. ასე რომ, კარგად გააბრტყელე :) მერე მოუსვი ფორმას კარაქი, მოაყარე ოდნავ ფქვილი. დაბერტყე ხელით, რომ ფქვილი თანაბრად გადანაწილდეს. გადაახვიე გასაყვან ჯოხზე შენი ცომი და ჩააფინე ლამაზად. კუთხეებს მიაქციე ყურადღება, თითით ჩატკეპნე და კარგად გაიყვანე რომ სწორი კედლები მიიღო. მერე გვერდები შემოაჭერი და ძირი დაჩხვლიტე ჩანგლით. ტარტის კედლები დაახლოებით 2 სანტიმეტრის სიმაღლის უნდა იყოს. შემოჭრილი ცომი გასაყინ ცომს დაუმატე. მერე ჩააფინე ფოლგა ცომზე, როგორც სურათზეა და დააყარე ლობიოს კაკლები. აი ასე:




წესით საკონდიტრო ბურთულები უნდა, მარა ლობიო და მაკარონიც გადასარევია, თანაც ბევრად იაფი. ამ მეთოდით კარაქიანი ცომი კრემის გარეშე იწვება და გვერდები არ ჩამოდნება, მიხვდი? მერე შეაგდე 15 წუთით ღუმელში. ყურადღება მიაქციე, ღია ოქროსფერი უნდა იყოს. შუაგული კი თეთრი არ დარჩეს. მე 15 წუთი მერე ლობიოს მარცვლებს ვიღებ. ტარტი უკვე გამაგრებულია და თუ ცხობა აკლია, ისევ უკან ვაგდებ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, ძალიან ღია ფერის უნდა იყოს და არ დაიბრაწოს. შენი ღუმელის მიხედვით იმოქმედე. მერე გამოიღე, გააციე და ფრთხილად ამოიღე ფორმიდან.
კრემი:
დადგი ქვაბით წყალი ასადუღებლად (ქვაბში უნდა იყოს მესამედზე ნაკლები წყალი). ლიმონს გააცალე ცედრა, დაასხი ლიმონის წვენი, მერე ყველაფერი აურიე. დადგი ნელ ცეცხლზე და მასას მანამ ურიე, სანამ თხელი კრემივით არ გახდება. ცოტა დრო მიაქვს ამ ამბავს, არ იჩქარო. რომ გამზადდება, გადაწურე - თუ გინდა რომ ლამაზი ფერი ქონდეს და ცედრის ნაწილაკები გააცალკევო. როგორც ხედავ ჩემს ერთერთ ფოტოზე ცედრა დავტოვე და კრემი არ გადამიწურავს. ნელ-თბილი კრემი  ჩაასხი  ცომში. თავზე მოახეხე ლიმნის ცედრა სილამაზისთვის და შედგი ტარტი მაცივარში გასაციებლად. პროცესი შეიძლება აქვე დამთავრდეს - ტარტი ბეზეს გარეშეც გადასარევია.

ბეზე:
ათქვიფე ცილა და ნელ-ნელა ჩაუმატე შაქარი. კარგად რომ გამაგრდება, დაუმატე ლიმნის ცედრა. ამით დაფარე ტარტი. შეგიძლია ყვავილებადაც დაასვა. მოაფრქვიე შაქრის პუდრა პატარა საცერით და შეაგდე 200 გრადუსზე 8-10 წუთით. მერე გამორთე ღუმელი და კარი ოდნავ შეაღე. დაელოდე ასე ნელა გაციებას რომ ბეზე არ დავარდეს.

რა თქმა უნდა ყველას ჯობს ბეზეს თავი სპეციალური აპარატით მოწვა და  chalumeau de cuisine  გამოიყენო, რომელიც კრემ ბრულესთვისაც გამოგადგება და ნორვეგიული ომლეტისთვისაც.


 ესეც შალუმო


ახლა შენი ტარტი 1 საათით გააციე. გააფორმე ლიმნის ცედრით და მიირთვი ახალგაკეთებული.  ისიამოვნე :)              

ეს ტარტი სანახევროდ გავაფორმე ბეზეთი :)



P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:

https://saba.com.ge/books/details/1369?

თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

December 10, 2013

Gratiné aux oignions / ხახვის სუპი დაბრწული

ყველაფერი გენიალური მარტივია. ამ საიდუმლოს საფრანგეთში ნებისმიერი შეფი გეტყვის. ჰოდა, ესეც ფაქტი - ერთი თავი ხახვით ერთი თეფში სიხარული სულ იოლად მზადდება. ხახვის სუპს თურმე პროვანსულ დრომში დიდი ზეიმების მერე მიირთმევდენ, კაი ჭამა-სმის დასაგვირგვინებლად. არ მკითხო რატომო, არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ ჩემთან კოვზებს კაკუნი მანამ გაუდით, სანამ ბოლო წვეთიც არ გამოიწრუპება.

1 დიდი ან 2 საშუალო ზომის ხახვი
1 სუფრი კოვზი ფქვილი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ან კარაქი
გახეხილი ყველი - ჰოლანდიური ან ემანტალი
1 ძველი პური
მარილი და პილპილი

წვრილად დაჭრილი ხახვი დიდხანს შუშე ნელ ცეცხლზე. როცა ხახვი გაოქროსფერდება, უყავი ფქვილი. ამ მომენტიდან სუპს მოვლა უნდა. არ დატოვო და გამუდმებით ურიე. როცა ფქვილიც ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, დაუმატე ერთი ლიტრი წყალი. იმწამსვე ამოურიე რომ არ აკურკუტდეს. რევა-რევით მიიყვანე ადუღებამდე. უყავი მარილი, პილპილი და ოდნავ შეასქელე. აუცილებლად გასინჯე. ვაითუ მარილი აკლდეს. თუ სუპის ძალიან გასქელდა, დაუმატე წყალი. ჩაასხი სუპი ცეცხლ-გამძლე ჯამში. აატივტივე ზედ დაჭრილი პური. მოაყარე ყველი და სუფრაზე გატანამდე 10-15-იოდ წუთით ადრე შედგი 200 გრადუსზე დასაბრაწად. კარგად რომ დაპიწკინდება, გამოიღე და მიირთვი ცხელ-ცხელი.

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:



თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

December 5, 2013

Boeuf bourguignon / ბურგინიონი


არსებობს უფრო მაღალფარდოვანი რეცეპტები, სოკოთი და ათასი რესტორნული დანამატებით. როგორც ფილმში. ჩემი რეცეპტი
ტრადიციული და ოჯახურია. ნამდვილი ბურგინიონი ესაა. მარტივი და ღვინით სავსე, არომეტებით გაჯერებული. ქვაბს რომ თავს მოხდი, იმისთანა სურნელს ამოაფრქვევს ორთქლად რომ თხემიდან ტერფამდე დაგბურძგლავს. აბა!



800 გრამამდე ძროხის რბილი, უქონო ხორცი
7-8 მსხვილი სტაფილო
2 თავი საშუალო ხახვი
1 ბოთლი შავი, მშრალი ღვინო, აქ ბურგუნდიულს ვყიდულობ, როგოც წესი
1-2 ფოთოლი დაფნა
1 ჩაის კოვზით ქონდარი
2-3 ფოთოლი ოხრახუში
2-3 ღერი პრასა
1-2 სუფრის კოვზი ფქვილი 
მარილი, პიმპილი

კერძის მომზადებას სჭირდება ორი დღე, ანუ საკმაო დრო.  ასე რომ თუ მომზადებას გადაწყვეტ, საკმაოდ ადვილია, 100 პროცენტით გამოსვლადია, მაგრამ გაითვალისწინე ორი დღე.

დავჭრათ ხახვი მომსხოდ, დავჭრათ სტაფილო, როგორც გველამაზება ისე - მრგვალებად ან კუბიკებად, ჩხირებად და რა ვიცი კიდევ როგორ. ხორცი დავჭრად დაახლოებით სამწვადე ნაჭრების ზომაზე, მოვათავსოთ ყველაფერი ერთად ჯამში, დავასხათ ღვინო, მოვაყაროთ შავი პიმპილი, ოდნავ მარილი, დაფნა, ქონდარი. მასას კარგად ამოვურიოთ და შევდგათ მაცივარში. ხორცი ამ მარინადში უნდა გავაჩეროთ 24 საათი. შიგადაშიგ ამოვუიოთ რომ ხორცის თითოეული ნაჭერი გაიჟღინთოს ღვინით.

მეორე დღეს, ამოვიღოთ ხორცი მარინადიდან. ჩავწუროთ შიგვე, რომ წვენი არ დაიკარგოს და ქაღალდის ხელსახოცით შევამშრალოთ. ეს იმისთვის რომ შეწვისას ხორცი დაიბრაწოს. თორემ ჩაშუშდება და ფერს არ შეიცვლის. ღრმა ქვაბში  დავადნოთ სუფროს კოვზით კარაქი მაღალ ცეცხლზე და ჩავყაროთ ხორცი. ხის კოვზით ვურიოთ. მანამ გავაჩეროთ სანამ თითოეული გვერდი არ კარგად არ შეიწვება და არ გაყავისფერდება. შემდგომ მოვაყაროთ ცოტაოდენი ფქვილი, დაახლოებით ერთი სუფრის კოვზისდენი, ხის კოვზით ნახევარი წუთი ვურიოთ და დავასხათ მარინადი თავის ყველაფით. თუ წვენი დააკლდა, ანუ ხორცს ვერ ფარავს, ჩაუმატე წყალი. ჩაუმატე ოხრახუში და პრასა (ოღონდ მართლა რამოდენიმე ფოთოლი).

მოაყარე მარილი გემოვნებით. დაახურე თავზე და წამოადუღე. წამოდუღების შემდეგ ცეცხლს მაქსიმალურად დაუწიე და მინიმუმ 3 საათი ასე დატოვე. რაც უფრო ნელა მომზადდება, მით უფრო გემრიელი იქნება ბურგინიონი. შემდეგ გამორთე. მიირთვი კატოფილის პიურესთან, უბრალოდ კანიანად მოხარშულ კარტოფილთან, მაკარონთან ან სულაც ყოველგვარი გარნირის გარეშე. უხდება ბურგუნდიული, შავი ღვინო და მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელიააააამ!

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:



თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo