ამ შაბათს ჩემი დედამთილი გარდაიცვალა. ვახშმის შემდეგ იმავე კომოდს მივაკითხე, ქვემოთ რომ მიწერია. ჰოდა იმავე ყუთში ჯერ კიდევ იყო რამდენიმე კროკეტი და ორცხობილა. მთელმა ოჯახმა გავინაწილეთ და გული ავიჩუყეთ.
ეს რეცეპტი როგორ არ გამხსენებოდა. ამ ზაფხულს დავწერე ეს პოსტი და ვიფიქრე, რომ ისევ უნდა მომეტანა თქვენთან. ჩემი ბელმამან სამზარეულოში რომ ფუსფუსებდა, სიყვარულს აფრქვევდა. მან ასე იცოდა თქმა მიყვარხარო. დღეს უზარმაზარი საყინულე მზა კერძებითაა სავსე. კიშები, რატატუები, პამიდვრები ხორცის სატენით, კიდევ ნაყინები ათასგვარი... კარ ვიცოდი თუ ოდესმე საყინულესთან ამდენ ემოციას განვიცდიდი. ჩემს პოსტებს ვინც კითხულობს იცოდეს, რომ ჩემი რეცეპტების დიდი ნაწილი მისი რჩევებით და სითბოთია სავსე. სახსოვრად მისივე რეცეპტების წიგნი მაქვს და ვიცი, რომ ყოველდღიურად გავიგონებ მის ხმას დოზებისა და რჩევების კითხვისას. მადლობა, ბელმამანს ამ სიყვარულისთვის.
ზაფხულის პოსტი:
ჩემს დედამთილს, ვივეტს, მისაღებ ოთახში კომოდი უდგას. ყველამ ვიცით რომ იმ კომოდში სასუსნავებია. მათ შორის ტანტან-ის ნახატიანი ყუთი (ცნობილი კომიქსის გმირია Tintin), რაშიც ნამცხვრუკებს ინახავს ხოლმე. ორცხობილებს, პაწაწუკა ბეზეებს და ლიონურ კროკეტებს. საღამოს, კარგი ვახშმის (როგორ მას ჩვევია) და ღვინის მერე რომ რამე შტერულ სერიალს ჩავუჯდებით, ამ ყუთს გამოვაბრძანებთ და ვაკნატუნებთ.
მარტივი ნამცხვარია და თუ ქოლესტერინი თუ გაწუხებთ - ზედგამოჭრილია. ვშლი ჩემი დედამთილის რეცეპტები წიგნს და მივყვები რჩევებს.
2 ჭიქა ფქვილი
2 ჭიქა შაქარი
2 ჭიქა მთელ-მთელი ნუში
2 ფორთოხლის ცედრა
2 კვერცხი
გაათბეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ფქვილი და ცედრა. ბოლოში აურიეთ ნუში. თუკი მასა საკმარისად მკვრივი არაა, დაუმატეთ ფქვილი. მიეცით დაახლოებით რულეტის ფორმა და მოათავსეთ კალკიან, ცხიმმოსმულ ფორმაზე. აცხვეთ სადღაც 30 წუთი, ნამცხვარი უნდა გაოქროსფერდეს.
ღუმელიდან რომ გამოიღებთ, მაშინ იწყება მთავარი. ნამცხვარმა დაახლოებით მართკუტხა ფორმა მიიღო და უნდა გაჭრათ სიგრძეზე, მერე კი თეხლ-თხელ ჩხირებად კროკეტები უნდა დაჭრათ. სირთულე სწორი ტემპერატურის შერჩევაა. თუ ნამცხვარი გაცივდა, ვეღარ დაჭრით, თუ ძალიან ცხელს დაჭრით დაიშლება. უნდა იპოვოთ ეს შუალედი - დაჭრისას ნუში არ უნდა ამოცვივდეს, მადისაღმძვრელად უნდა ჩაიჭრას შუაში. როგორც ფოტოზეა.
მერე, შეინახეთ თუნუქის ყუთში და ჩაისა თუ ყავაზე აკნატუნეთ.
თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:
თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo