September 14, 2014

Chouquettes de Vivette / შუკეტები ვივეტის რეცეპტით

ჩემი ბელმამანი მეუბნებოდა, ჩემს რეცეპტს რომ დადებ ვივეტის რეცეპტები დააწერეო. ესეც ასე, ვივეტის შუკეტები - ბავშვების სიხარული და ბედნიერება! სამხარზე ოქროსფერი ბურთულებს ერთმანეთს სტაცებენ-ხოლმე ხელიდან. შუკეტები სამუდამოდ ბებოსთანაა ასოცირებული. ბელმამანი თითქმის ერთი წლის წინ წავიდა - მის ხსოვნას კიდევ ბავშვებს ასე ვუნარჩუნებ. უ გ ე მ რ ი ე ლ ე სი და უ მ ა რ ტ ი ვ ე სი შუკეტები.





1/4 ლიტრი წყალი
80 გრამი კარაქი
მწიკვით მარილი
მწიკვითვე შაქარი
150 გრამი ფქვილი
3 ან 4 კვერცხი, ზომის მიხედვით
1 კვერცხიც და 1 სუფრის კოვზი რძეც თავზე მოსასმელად
შუკეტების შაქარი - იხილე, აქვე ფოტოზე, ან ჩვეულებრივი შაქარი


 
ასე გამოიყურება შუკეტების შაქარი



ვაკეთებთ ჩვეულებრივ შუს ცომს. ჩაასხი ქვაბში წყალი, დაუმატე კარაქი, მარილი და შაქარი. წამოადუღე. გადმოდგი ცეცხლიდან. სწრაფი თქვეფით შეაზილე ფქვილი ნელ-ნელა. შედგი ნელ ცეცხლზე და ურიე. ბელმამანის რჩევა - ცომი ხშირ-ხშირად დააჭყლიტე ქვაბის ძირს. და ასე 10-15 წუთი. იცოცხლე, მხრებს გაივარჯიშებ. ასე ივარჯიშე, სანამ ცომი თხელ ფენად ქვაბის ძირს არ მიეკრობა.

გადმოდგი ისევ ცეცხლიდან და თითო-თითოდ შეახალე კვერცხი. ნერვების მომშლელი პროცედურაა - კვერცხი თითქოს ხელიდან გეცლება, დარბის იქეთ აქეთ :პ გადაწყვიტე - 3 კვერცხს სჯერდები თუ მეოთხეც უნდა. ცომი არ უნდა იყოს თხელი და თუ 3 კვერცხზე მიხვდი, რომ მეოთხეს დამატებით გათხელდება, ნუღარ დაუმატებ.

გააცხელე ღუმელი 200 გრადუსზე. მერე ჩაის კოვზით მომცრო ბურთულები დააწყვე ფორმაზე. მოუსვი კვერცხის გულის და რძის ნარევი. მოაყარე შუკეტების მსხვილი შაქრის კრისტალები.


თითებით მიაწებე რაც გვერდით დაცვივდება და შეაგდე 20იოდ წუთით. რომ გაოქროსფერდება, მზადაა.

მიირთვი ყავასთან, საუზმედ ან ტელევზორის წინ :პ ხანდახან გვეპატიება :პ

პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

No comments:

Post a Comment