December 10, 2013

Gratiné aux oignions / ხახვის სუპი დაბრწული

ყველაფერი გენიალური მარტივია. ამ საიდუმლოს საფრანგეთში ნებისმიერი შეფი გეტყვის. ჰოდა, ესეც ფაქტი - ერთი თავი ხახვით ერთი თეფში სიხარული სულ იოლად მზადდება. ხახვის სუპს თურმე პროვანსულ დრომში დიდი ზეიმების მერე მიირთმევდენ, კაი ჭამა-სმის დასაგვირგვინებლად. არ მკითხო რატომო, არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ ჩემთან კოვზებს კაკუნი მანამ გაუდით, სანამ ბოლო წვეთიც არ გამოიწრუპება.

1 დიდი ან 2 საშუალო ზომის ხახვი
1 სუფრი კოვზი ფქვილი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ან კარაქი
გახეხილი ყველი - ჰოლანდიური ან ემანტალი
1 ძველი პური
მარილი და პილპილი

წვრილად დაჭრილი ხახვი დიდხანს შუშე ნელ ცეცხლზე. როცა ხახვი გაოქროსფერდება, უყავი ფქვილი. ამ მომენტიდან სუპს მოვლა უნდა. არ დატოვო და გამუდმებით ურიე. როცა ფქვილიც ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, დაუმატე ერთი ლიტრი წყალი. იმწამსვე ამოურიე რომ არ აკურკუტდეს. რევა-რევით მიიყვანე ადუღებამდე. უყავი მარილი, პილპილი და ოდნავ შეასქელე. აუცილებლად გასინჯე. ვაითუ მარილი აკლდეს. თუ სუპის ძალიან გასქელდა, დაუმატე წყალი. ჩაასხი სუპი ცეცხლ-გამძლე ჯამში. აატივტივე ზედ დაჭრილი პური. მოაყარე ყველი და სუფრაზე გატანამდე 10-15-იოდ წუთით ადრე შედგი 200 გრადუსზე დასაბრაწად. კარგად რომ დაპიწკინდება, გამოიღე და მიირთვი ცხელ-ცხელი.

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:



თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

No comments:

Post a Comment