March 14, 2014

Soupe aux brocolis / ბროკოლის სუპი, უმარტივესი


 სამზარეულოში პროდუქტის პატივისცემა ჩემთვის ერთერთი უმთავრესი პრინციპია. თუ მიჩეხ-მოჩეხე, ათასი საკმაზით გადაფარე და ან კიდევ ნახევარი კარტოფილი გათლისას კანს გააყოლე - ელემენტარული კულინარიული უზრდელობაა და მეტი არაფერი. ჰოდა, ესეც ბროკოლის სუპი, ნაპატივები და დაფასებული - ცოტა მარილიანი მომივიდა და ნაღები დავუმატე თორემ უფრო მწვანე იქნებოდა. უგემრიელესი და უმარტივესია. რაც მტავარია უჯანსაღესი. 100 გრამი ბროკოლი სულ რაღაც 29 კალორიას შეიცავს. სანამ მთავარ კალორიულ კერძზე გადახვალ, სალათის ან სუპის ჭამას თუ დაიდებ წესად ჩემსავეთ, კუჭში ცხიმიანი საკვებისთვის ნაკლები ადგილი დაგრჩება. თან არც მოიკლებ და დარჩები გურმანი. კვირაში ერთ ორჯერ კიდევ იმიტომ დავრბივარ რომ მიყვარს ღვინო, პური და კარაქი :პ დიეტის ჭკუა რა ვთქვი, მთავარია სწორად ჭამო. ცოტაც სპორტი და ცოტაც ბროკოლის სუპი :პ





ბროკოლი
წყალი
მარილი

აადუღე მარილიანი წყალი. იქეთ ბროკოლს დააჭერი უხეში ფეხები.რომ ადუღდება, ბოსტნეული ჩაყარე თუხთუხა წყალში და მოხარშე. "მოხარშე"-ში "ჩახარშე" და "ჩაფუფქე" არ იგულისხმება, პატივისცემის ამბავში. დაახლოებით 8 წუთში იხარშება. ამასობაში, ჯამში ჩაყარე ბლომად ყინული და დაასხი წყალი. ეს ეტაპი შეგიძლია გამოტოვო, მაგრამ ამ ტექნიკით ნებისმიერ მწვანე ბოსტნეულს ხასხასა ფერი უნარჩუნდება, ოხრახუშსაც კი და გასწავლი გზად. რომ მოიხარშება,( ოდნავ ხრაშუნა უნდა დარჩეს) ამოიღე თითო თითოდ და ყინულიან წყალში ჩაუშვი. ასე ფერი ფიქსირდება. იცოდე მაინც - მწვანე ლობიო, ბროკოლი, ისპანახი - რაც მწვანეა ამგვარად შეგიძლია მოამზადო და გასაფორმებლად ლამაზია. მოკლედ, მარილიანი წყარი თავლზომით დატოვე, რა კონსისტენციის სუპიც გიყვარს იმის მიხედვით. თუ ნამეტანი მარილიანია, წყალი ჩაუმატე. მერე დააბრუნე ბროკოლი თავისივე  ნახარშში და დააბლენდერე. მე ნაწილ წყალს ვინახავ და ნელ-ნელა ვამატებ, არც ძაან თხელი რომ მომივიდეს და არც ძაან სქელი. გასინჯე. თუ მარილი აკლია დაუმატე. შეგიძლია შავი პილპილიც უყო. წინადღის პური თუ გაქვს გახუხე, ნიორი წაუსვი ყველა მხრიდან და ჩხირებად მოუწყვე. ნივრიანი პურები თან ხრაშუნა ტექსტურას უხდება თხევად სუპთან ერთად, თან ბროკოლის მოტკბო გემოსაც აბალანსებს. ათქვეფილ ბროკოლს გემო სრულიად ეცვლება და დამიჯერე, უმაგრესია!


პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

3 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. რა მარტივია და ძალიან გემრიელი ჩანს :) უნდა ვცადო, ბროკოლი მიყვარს! მადლობა თინი :)

    ReplyDelete
  3. სცადე, სცადე :)

    ReplyDelete