October 11, 2013

Grattin de courgettes /უმარტივესი ყაბაყის გრატანი

(გადმოტანილია http://mzera.tv/module-5/150-tinatin-noghaideli-blogs/396-gamyidvelis-cxovrebidan-yabayis-gratani - დან (ვისაც ჩემი ბლაა ბლააა არ აინტერესებს, შეუძლია პირდაპირ რეცეპტზე გადავიდეს - ბოლოში))
წელს თავისუფალი დრო ბევრად მეტი მაქვს, ვიდრე ბოლო ორი წლის მანძილზე. კვირაში ექვს დღეს რომ ჩემს ყოფილ უფროს, კევინთან ერთად აღარ გავატარებ, განა ხუმრობაა? ჭურჭლის სარეცხ მანქანებს რომ მეორე სართულზე აღარ ვეზიდები? და გამუდმებით რომ ტყული აღარ მომიწევს? აჰ, ეს უნდა გამოიარო, რომ მიხვდე, რომ ამის არ კეთება, მარტივად - ბედნიერებაა.
ცხოვრების ეს ეტაპი გასავლელი იყო. ჩემი გოლგოთა, ჯვარი და ეკლები იყო გარანტიები, ფინანსები, სარეცხი მანქანები, ღუმელები, მტვერსასრუტები, ტელევიზორები და ათასი წვრილმანი.  ჩემს მკითხველზე ვფიქრობ - ვინ იცის, რამდენი საქმე აქვს. ჯიბეში ერთი ორი ისეთი რეცეპტი მაქვს გადანახული, ზედმეტ პომპეზურობას რომაა მოკლებული. ესე იგი, არის მარტივიც, სწრაფიც, გემრიელიც, სასარგებლოც და ყუათიანიც.
შუადღისას ორსაათიანი შესვენება მქონდა. ჩავიდოდი ერთ მეტროში, მერე გადავჯდებოდი მეორეში, მერე მესამეში და ამოვიდოდი სახლში. შინ მოსულს ორმოცდახუთი წუთი მქონდა ვახშმის მოსამზადებლად. ცოტაც ქმართან ერთად სასაუზმოდ, ოლივიე ჩემს დასვრილ სამზარეულოს ალაგებდა და, ალე ჰოპ, უკან ვბრუნდებოდი. საღამოს კი ბავშვები მიირთმევდნენ შინ გაკეთებულს და არა ნახევარფაბრიკატს. ამის ხათრით ხო ღირს წვალება? მერე ისევ ავიღებდი ჯერ ერთ, მერე მეორე, მერე მესამე გადასაჯდომ ბილეთს მეტროში და ვბრუნდებოდი სამსახურში. არ დაგავიწყდეთ, იგივეს ვაკეთებდი დილით სამსახურში წასასვლელად და საღამოს უკან, შინ დასაბრუნებლად.
21-ე საუკუნის საზოგადოებას მედიებმა "la société de la consommation"  უწოდეს. ესე იგი, "მომხმარებელთა საზოგადოებაო". ხალხი ყიდულობს არა იმიტომ, რომ ჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მოდაშია, მაგარია, უკეთესი მოდელი გამოვიდა, ფასდაკლებაა, სამს თუ იყიდი მეოთხეს ნახევარფასად "გჩუქნიან" ანუ იმ ფულს გახარჯინებენ, რომ არა ეს ფასდაკლება, ასი წელი რომ არ დახარჯავდი. ჩემს საქმეს პროფესიული ტყუილიც შეადგენდა. აბა რა ? ჩემი ხელფასი პირდაპირ იყო მიბმული ჩემს გაყიდვებთან. ჩემთან მოსულ კლიენტს რას ვეტყოდი, არაფერი ისეთი არ ჭირს შენს ტელევიზორს, შეაკეთე თქო ?
დღეში რამდენჯერმე, ოდნავი შესწორებით, ასეთ დიალოგს ვმართავდი:
 - აუფ, ორი წლისაა თქვენი ტელევიზორი ? დაძველებულა. გარანტია გაქვთ ?
-არაო, – საწყლად მიპასუხებდა.
აქ ირონიულად ჩავიცინებდი (ეს გარანტიების გაყიდვის თეორიის გაკვეთილებზე გვასწავლეს).
 - აბა რა გეგონათ, გარანტიას რომ არ ყიდულობდით... - მივტუქსავდი (ჩათვალე რომ მომდევნო ტელევიზორის გარანტია ნახევრად გაყიდულია). - იცით, შეკეთება რა ძვირი ჯდება ? მერე რა ვადებია ? ყველაფერი კორეიდან მოდის ? მაგას ჯობია ახალი იყიდო.
რას იტყოდა საწყალი, არ მაქვს ფულიო. და აქ!!! ოქროს არგუმენტი მქონდა გამზადებული:
- ფული არ გაქვს ? მერე რა ? (ეს არის ჩემი საყვარელი რეპლიკა!)
და შევთავაზებდი უმაგრეს დაფინანსებას 0 პროცენტად. აქ ის ისევ თუ აგრძელებდა წინააღმდეგობას: ხელფასი დაბალი მაქვს, არ დამაფინანსებენო, მე თვალს ჩავუპაჭუნებდი:
- რას ამბობ, მოვაგვარებთ, ჩემზე არაა, რას ჩავწერ-თქო.
და ხელფასის ადგილას ერთ 200-300 ევროთი მეტს მოვნიშნავდი.
- ბარემ რახან 30 ჯერ იხდი, ერთი პატარა გარანტიაც მიაყოლეთ, რა იცი რა ხდება, ხო ხედავთ რა დღეში ჩავარდით უმაგისოდ-მეთქი. რო გქონოდა, ასეთი ხუთწლიანი გარანტია, ხომ ასცდებოდი ახლა 1300 ევროს დახარჯვას თქვა ?
ის იკითხავდა გარანტიის ფასს და დაიხევდა უკან. ძვირიაო. (მაინც ყველა რავა ერთნაირები არიან) ეგ შემაშინებდა მე? ასჯერ მესმის ეს ფრაზა დღეში. გამოვაძრობდი სტატისტიკის ფურცელს (ეგეც გაკვეთილებზე დაგვასწავლეს).
 - ა, შეხედეთ, რა და რა პროდუქტი ფუჭდება სტატისტიკურად უფრო ხშირად და რა ღირს მათი შეკეთება. ღირს ახლა თვეში 3 ევროს გულობიზა მაგ შარში თავის გაყოფა-თქოო?
გაუსკდებოდა გული და ასე გავყიდდი ახალ ტელევიზორს მისი გარანტიით. თითო გარანტიაში ხუთ ევროს ვიღებდი, ოღონდ "შუტკა" იმაშია, რომ ეს ხდებოდა მხოლოდ ოცი გარანტიის გაყიდვის შემდეგ. ყველაფერში ასეთი ძაღლის თავია. თვის ბოლოს ერთი გარანტია დაგაკლდება და ვინაა წაგებული? ჩემი კლიენტი და მე, კომპანიას კი შეუვა სუფთა მოგება ცარიელი ფურცლების გაყიდვაში.  ორი წლის მანძილზე ერთადერთხელ ავიღე ხუთი ევრო ბრუტი თითო გარანტიაში. ახლა თავად განსაჯეთ. ანუ კლიენტები ძალიან გაფუჭდნენ. რაც ამ ოხერმა ჟურნალისტებმა სიუჟეტების კეთება დაიწყეს, ძალიან გვიძალიანდებოდნენ გარანტიების და ფინანსების საკითხში. ეს უკანასკნელი კი გარანტიის გაყიდვის უტყუარი საშუალება იყო.
უბრალო მათემატიკის საკითხია: 100 ევროს ჯიბიდან ამოღება რთულია და 20-ჯერ თუ გადაიხდის, 5 ევრო გამოდის თვეში. ასე ტყუვდება გონება, რაც ცოტად ჟღერს, მით გვეიოლება. გვავიწყდება რომ 5-ჯერ ოცი ბოლოში მაინც 100-ია.
ასე გავიცლიდი ქანცს მთელი დღე. ყველა მეორე ხომ ასეთი დამჯერი კლიენტი არ იყო. ზოგს არ უნდოდა ნებით გარანტიის აღება, ძალით აღარ გადიოდა, ოც ევროს ვერ დაახარჯვინებდი, უფრო მეტს, ვიდრე თითონ გადაწყვეტდა (ესეც თეორიაა, 300 ევროს დახარჯვას თუ გეგმავს სარეცხ მანქანაში, შენ 320 უნდა შესთავაზო. 10-ჯერ რომ შენი გაიტანო, ბოლოში 200 ევრო გამოვა.) და ასე მივიდოდი გასავათებული სახლში. აქ კი, მერწმუნეთ, ვაფასებდი, რომ მელოდა გემრიელი ვახშამი, კაი ღვინო და ჩემი ოჯახი. 
პს - რაც არ უნდა ირონიული იუმორით მოვყვე, დღესაც გული მერევა რომ ამ ნაგავი სისტემის მონაწილე ვიყავი. 
  ყაბაყის გრატანი
4-5 ყაბაყი
4 კვერცხი
250 გრამი არაჟანი
მარილი
პილპილი
სულ ეს არის :)
   
ადუღე ყაბაყი მარილიან წყალში დაახლოებით 20 წუთი. ჩანგლით შეამოწმე და მიხვდები. თუ მოიხარშა, გადმოდგი. აი ახლა არის მთავარი ამბავი - კარგად უნდა დაიწუროს, თორემ გრატანი წყლიანი იქნება :P გადაწურე და ნაჩხვლეტებიან ჯამშივე ჩაჭყლიტე ჩანგლით (რა ქვია მაგ ჯამს ?) ცალკე ათქვიფე კვერცხი და არაჟანი (ნაკლებ ცხიმიანი და ცოტათი რძეშიც შეიძლება რომ გახსნა). მოაყარე უხვად მარილი, პილპილი, აურიე ეს ყველაფერი. თუ სურვილი გაქვს, თავზე მოახეხე ყველი და გამოაცხვე მბრუნავ ჰაერზე ელექტრო ღუმელში, 200°. უმარტივესი და უგემრიელესი :) მიირთვი ცხლად ნებისმიერ ხორცთან ერთად. რადგან ბევრი კვერცხია, უხორცოდაც შეგიძლია მიირთვა, კვერცხში ისედაც ბევრი პროტეინია :)

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა

No comments:

Post a Comment