March 30, 2014

Brioche Parisienne / პარიზული ბრიოში


ჰოდა, გენცვალე, აგერ თებერვალში 30-ის გავხდი. საჩუქრად ოჯახმა, საყვარელი მეუღლის მეთაურობით, კომბაინი მაჩუქა. ჩემი კიჩენედი ერთი ნახვით შემიყვარდა, ჩემი წითელი გოგო, წელში გამოკვანწული. ავდექი და მოფერებით როლს-როისი დავარქვი. მოგეხსენებათ-და კომბაინით  ცომის მუშაობა ცხონებაა. ჩაყარე და ატრიალე! ჰოდა ამ შაბათ კვირას ოჯახის საყვარელი პარიზული ბრიოშის პირველი ცდა სუ თითების კვნეტით დასრულდა. შედეგი ფოტოებზე, მომატებულ გრამებზე და ბლოგზეა :პ და იყო ქალბატონი ბრიოში ფაფუკი, სურნელოვანი და ოქროსფერი - იყო, რადგან ერთი ნამცეციც კი აღარ დარჩა, ფოტოებისთვის ძლივს მივუსწარი :პ


500 გრამი ფქვილი
5 კვერცხი
100 გრამი შაქარი, დაახლოებით 6-7 სუფრის კოვზი
1/2 ჩაის კოვზი მარილი - მოირგე, მე ოდნავ მეტიც ვუყავი
100 გრამი კარაქი
22 გრამი სველი საფუარი, დაახლოებით 2 სავსე ჩაის კოვზი
ან 7-8 გრამი მშრალი საფუარი - 1 ჩაის კოვზი.
საფუარის დოზებისთვის დააკვირდი შენი საფუარის დოზებს - შესაძლოა საქართველოში ნაყიდი საფუარი სხვა დოზების იყოს. კარგად ვერ დავადგინე - ზოგი 1 ჩაის კოვზს მირჩევს, ზოგიც 2-ს...
75 მილილიტრი რძე, მიახლოებით 5-6 სუფრის კოვზი

ბრიოშის ცომს წინა ღამით ვამზადებ. მეორე დილით ჩემს საყვარელ ბრანჩამდე 2 საათით ადრე ვდგები და ვამზადებ.




მოკლედ. ჯობს ყველაფერი წინსაწარ აწონო და გაამზადო.
















მერე ჩაყარე ფქვილი, შაქარი, მარილი, საფუარი,  თბილის რძე და მაცივრიდან ახალი გამოღებული კვერცხი ჯამში. მარილი და შაქარი საფუართან ახლოს არ ჩაყარო, აფუების პროცესზე იმოქმედებს.













მოზილე ეს ყველაფერი ერთად. ბრიოშს ბევრი ზელა უყვარს. თუ კომბაინი გაქვს, 5 წუთი ნელ სიჩქარეზე ატრიალე. მე ჩემს როლს-როისში მოვზილე. მერე დაუმატე შერბილებული კარაქი და ხელახლა დაატრიალე საშუალო სიჩქარეზე დაახლოებით 20 წუთი. ბოლო 5 წუთი ყველაზე მაღალ სიჩქარეზე. თუ როლსი არ გაქვს ხელით იმუშავე, რამდენ ხანსაც შეძლებ. აბა, შენ იცი, ცომი რთული სამუშაოა და წარმატებებს გისურვებ :პ








ამის მერე გადაიტანე პოლიეთილენის გრაგნილზე, გაახვიე კარგად და დაასვენე მაცივარში მთელი ღამით.




















ღამით ცომმა ცელოფანი გახვრიტა :პ
















დილით გაამზადე ფორმა. წესით ასეთი ფორმა უნდა, რა თქმა უნდა უბრალოდ ბურთულების გაკეთებაც შეიძლება. რაშიც არ უნდა აკეთებდე, მოუსვი კარაქი და მოაყარე ოდნავ ფქვილი რომ არ მიიკრას.













მერე, მოზილე ცომი და გააკეთე ბურთი.


















ახლა გაყავი ცომი ორ ნაწილად. დაახლოებით ერთ მესამედზე გაჭერი.

















ორივე ნაწილი დაამრგვალე.

















მერე მოზრდილი ნაწილი ჩადე ფორმაში, ისე რომ ლამაზი მხარე ზემოდან მოექცეს. ახლა შუაში ჯვარედინად ჩაჭერი, აი ასე.















თითებით კარგად გაწიე ცომი, რომ თავი კარგად დაეწებოს















და დაამაგრე მეორე ბურთულა.
დაახურე ცელოფანი ან სველი ტილო, რომ ცომი არ გაშრეს და ქერქი არ გაიკეთოს. დადგი თბილ ადგილას საათი-საათნახევრით. მე ღუმელში ვდებ 30 გრადუსზე.













ნახე, ჩემმი ცომი 1 საათში  როგორ გაიზარდა?















მერე გავაცხელე ღუმელი 180 გრადუსზე, მბრუნავ ჰაერზე. ამასობაში ერთი კვერცხის გული ცოტა რძესთან ერთად ავთქვიფე და ბრიოშს თავზე მოვუსვი, კარგი ოქროსფერი რომ გახდეს. მერე შევაგდე საცხობად. 25-30 წუთი, ბრიოშის ზომის მიხედვით უნდა მიხვდე. თუ ძალიან დაიბრაწა, ფოლგა დააფარე - ცხობას გააგრძელებს, თან მეტად აღარ დაიბრაწება.











მერე გამოიღე და გემრიელად მიირთვი.





















ნახე, რამხელაა :პ




პ.ს.საერთოდ ბრიოშები კარგად იყინება საყინულეში, შეგიძლია დიდხანს შეინახო. საღამოს გამოიღე და დილით მიირთვი - ნიამ!

პ.პ.ს. წავედი მე, ვირბინო და ვიხტუნაო - თორებ გავხდები ბულკივით :პ

პ.ს. თუ სხვა რეცეპტსაც ეძებ გზად,  მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

No comments:

Post a Comment