October 18, 2013

Courgettes farcies au saumon et chèvre / ყაბაყი ორაგულისა და თხის ყველის სატენით

ყაბაყი გრატანში და ყაბაყი რატატუიში, ჰა ჰა ომლეტში. მომბეზრდა და რაღაც განსხვავებული გავაკეთე წინა დღეს. ყაბაყის პატარა მაკი, ორაგულის სატენით - თან გემრიელი, თან სასარგებლო და თან მშვენიერი. კიდევ მარტივი. რიზოტოსთან ერთად საერთოდ საოცრებაა. მწვანე და სტაფილოსფერი ფერების კონტრასტი - ორიგინალური რეცეპტი იოლი სამზარეულოს მოყვარულებისთვის.



3 ცალი ყაბაყი
200 გრ ორაგული (სავარაუდოდ ფენებად დაჭრილი)
180 გრამი თხის მდნარი ყველი chèvre
პილპილი
ზეითუნის ზეთი
რეჰანი ან ბაზილიკა
100-150 მილილიტრი ნაღები ან არაჟანი
1 კბილი ნიორი

გააცხელე ღუმელი 240 გრადუსზე.

გაჭერი ყაბაყი სამად და ამოაცალე გული. ყაბაყის ძირი ხელშეუხელბად დატოვე. მოამზადე სატენი: დაჭერი წვრილად ორაგული, ყველი, ბაზილიკა და ყაბაყის გული.  გააცხელე ზეთი ტაფაზე და ჩაშუშე ყაბაყი. რომ გამზადდება, დაუატე ორაგული, ყველი, მარლი, პილპილი და ბაზილიკა.

ჩატენე ეს ყველაფერი ყაბაყში და გამოაცხე 45 წუთი.

დარჩენილი სატენი ათქვიფე ნაღებთან და ნიორთან ერთად. წამოადუღე და შეანელე გემოვნებით.




















ცალკე შეგიძლია მოამზადო ან პიურე, ან ბრინჯი. აი, რიზოტოს იდეაც:

1 თავი საშუალო ხახვი
2-3 მოზრდილი სტაფილო
400 გრამი ბრინჯი
3 ბულიონის კუბი
200 მილილიტრი თეთრი ღვინო
და დანარჩენი წყალი (ერთ წილ ბრინჯზე ორი წილი სითხე)
ზეითუნის ზეთი
მარილი/პილპილი/ზაფრანი
სურვილისამებრ, პარმეჯანო

შეაწითლე წვრილად დაჭრილი ხახვი. დაუმატე ასევე წვრილად დაჭრილი სტაფილო. მერე ჩაყარე ბრინჯი და ოდნავ შეაწითლე. დაასხი ღვინო და წყალი. დაახურე თავზე. აადუღე და ცეცხლს დაუკელი. დატოვე ნელ ცეცხლზე 10-15 წუთი. სახურავი არ ახადო. გამორთე და დატოვე თავდახურული კიდევ ხუთი წუთი. გატანისას შეგიძლია მოაყარო პარმეჯანო.

მერე ლამაზად გააფორმე წინასწარ გაცხელებული თეფშები და მიირთვი ცხელ-ცხელი.


P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


P.S. არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა




October 11, 2013

Grattin de courgettes /უმარტივესი ყაბაყის გრატანი

(გადმოტანილია http://mzera.tv/module-5/150-tinatin-noghaideli-blogs/396-gamyidvelis-cxovrebidan-yabayis-gratani - დან (ვისაც ჩემი ბლაა ბლააა არ აინტერესებს, შეუძლია პირდაპირ რეცეპტზე გადავიდეს - ბოლოში))
წელს თავისუფალი დრო ბევრად მეტი მაქვს, ვიდრე ბოლო ორი წლის მანძილზე. კვირაში ექვს დღეს რომ ჩემს ყოფილ უფროს, კევინთან ერთად აღარ გავატარებ, განა ხუმრობაა? ჭურჭლის სარეცხ მანქანებს რომ მეორე სართულზე აღარ ვეზიდები? და გამუდმებით რომ ტყული აღარ მომიწევს? აჰ, ეს უნდა გამოიარო, რომ მიხვდე, რომ ამის არ კეთება, მარტივად - ბედნიერებაა.
ცხოვრების ეს ეტაპი გასავლელი იყო. ჩემი გოლგოთა, ჯვარი და ეკლები იყო გარანტიები, ფინანსები, სარეცხი მანქანები, ღუმელები, მტვერსასრუტები, ტელევიზორები და ათასი წვრილმანი.  ჩემს მკითხველზე ვფიქრობ - ვინ იცის, რამდენი საქმე აქვს. ჯიბეში ერთი ორი ისეთი რეცეპტი მაქვს გადანახული, ზედმეტ პომპეზურობას რომაა მოკლებული. ესე იგი, არის მარტივიც, სწრაფიც, გემრიელიც, სასარგებლოც და ყუათიანიც.
შუადღისას ორსაათიანი შესვენება მქონდა. ჩავიდოდი ერთ მეტროში, მერე გადავჯდებოდი მეორეში, მერე მესამეში და ამოვიდოდი სახლში. შინ მოსულს ორმოცდახუთი წუთი მქონდა ვახშმის მოსამზადებლად. ცოტაც ქმართან ერთად სასაუზმოდ, ოლივიე ჩემს დასვრილ სამზარეულოს ალაგებდა და, ალე ჰოპ, უკან ვბრუნდებოდი. საღამოს კი ბავშვები მიირთმევდნენ შინ გაკეთებულს და არა ნახევარფაბრიკატს. ამის ხათრით ხო ღირს წვალება? მერე ისევ ავიღებდი ჯერ ერთ, მერე მეორე, მერე მესამე გადასაჯდომ ბილეთს მეტროში და ვბრუნდებოდი სამსახურში. არ დაგავიწყდეთ, იგივეს ვაკეთებდი დილით სამსახურში წასასვლელად და საღამოს უკან, შინ დასაბრუნებლად.
21-ე საუკუნის საზოგადოებას მედიებმა "la société de la consommation"  უწოდეს. ესე იგი, "მომხმარებელთა საზოგადოებაო". ხალხი ყიდულობს არა იმიტომ, რომ ჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მოდაშია, მაგარია, უკეთესი მოდელი გამოვიდა, ფასდაკლებაა, სამს თუ იყიდი მეოთხეს ნახევარფასად "გჩუქნიან" ანუ იმ ფულს გახარჯინებენ, რომ არა ეს ფასდაკლება, ასი წელი რომ არ დახარჯავდი. ჩემს საქმეს პროფესიული ტყუილიც შეადგენდა. აბა რა ? ჩემი ხელფასი პირდაპირ იყო მიბმული ჩემს გაყიდვებთან. ჩემთან მოსულ კლიენტს რას ვეტყოდი, არაფერი ისეთი არ ჭირს შენს ტელევიზორს, შეაკეთე თქო ?
დღეში რამდენჯერმე, ოდნავი შესწორებით, ასეთ დიალოგს ვმართავდი:
 - აუფ, ორი წლისაა თქვენი ტელევიზორი ? დაძველებულა. გარანტია გაქვთ ?
-არაო, – საწყლად მიპასუხებდა.
აქ ირონიულად ჩავიცინებდი (ეს გარანტიების გაყიდვის თეორიის გაკვეთილებზე გვასწავლეს).
 - აბა რა გეგონათ, გარანტიას რომ არ ყიდულობდით... - მივტუქსავდი (ჩათვალე რომ მომდევნო ტელევიზორის გარანტია ნახევრად გაყიდულია). - იცით, შეკეთება რა ძვირი ჯდება ? მერე რა ვადებია ? ყველაფერი კორეიდან მოდის ? მაგას ჯობია ახალი იყიდო.
რას იტყოდა საწყალი, არ მაქვს ფულიო. და აქ!!! ოქროს არგუმენტი მქონდა გამზადებული:
- ფული არ გაქვს ? მერე რა ? (ეს არის ჩემი საყვარელი რეპლიკა!)
და შევთავაზებდი უმაგრეს დაფინანსებას 0 პროცენტად. აქ ის ისევ თუ აგრძელებდა წინააღმდეგობას: ხელფასი დაბალი მაქვს, არ დამაფინანსებენო, მე თვალს ჩავუპაჭუნებდი:
- რას ამბობ, მოვაგვარებთ, ჩემზე არაა, რას ჩავწერ-თქო.
და ხელფასის ადგილას ერთ 200-300 ევროთი მეტს მოვნიშნავდი.
- ბარემ რახან 30 ჯერ იხდი, ერთი პატარა გარანტიაც მიაყოლეთ, რა იცი რა ხდება, ხო ხედავთ რა დღეში ჩავარდით უმაგისოდ-მეთქი. რო გქონოდა, ასეთი ხუთწლიანი გარანტია, ხომ ასცდებოდი ახლა 1300 ევროს დახარჯვას თქვა ?
ის იკითხავდა გარანტიის ფასს და დაიხევდა უკან. ძვირიაო. (მაინც ყველა რავა ერთნაირები არიან) ეგ შემაშინებდა მე? ასჯერ მესმის ეს ფრაზა დღეში. გამოვაძრობდი სტატისტიკის ფურცელს (ეგეც გაკვეთილებზე დაგვასწავლეს).
 - ა, შეხედეთ, რა და რა პროდუქტი ფუჭდება სტატისტიკურად უფრო ხშირად და რა ღირს მათი შეკეთება. ღირს ახლა თვეში 3 ევროს გულობიზა მაგ შარში თავის გაყოფა-თქოო?
გაუსკდებოდა გული და ასე გავყიდდი ახალ ტელევიზორს მისი გარანტიით. თითო გარანტიაში ხუთ ევროს ვიღებდი, ოღონდ "შუტკა" იმაშია, რომ ეს ხდებოდა მხოლოდ ოცი გარანტიის გაყიდვის შემდეგ. ყველაფერში ასეთი ძაღლის თავია. თვის ბოლოს ერთი გარანტია დაგაკლდება და ვინაა წაგებული? ჩემი კლიენტი და მე, კომპანიას კი შეუვა სუფთა მოგება ცარიელი ფურცლების გაყიდვაში.  ორი წლის მანძილზე ერთადერთხელ ავიღე ხუთი ევრო ბრუტი თითო გარანტიაში. ახლა თავად განსაჯეთ. ანუ კლიენტები ძალიან გაფუჭდნენ. რაც ამ ოხერმა ჟურნალისტებმა სიუჟეტების კეთება დაიწყეს, ძალიან გვიძალიანდებოდნენ გარანტიების და ფინანსების საკითხში. ეს უკანასკნელი კი გარანტიის გაყიდვის უტყუარი საშუალება იყო.
უბრალო მათემატიკის საკითხია: 100 ევროს ჯიბიდან ამოღება რთულია და 20-ჯერ თუ გადაიხდის, 5 ევრო გამოდის თვეში. ასე ტყუვდება გონება, რაც ცოტად ჟღერს, მით გვეიოლება. გვავიწყდება რომ 5-ჯერ ოცი ბოლოში მაინც 100-ია.
ასე გავიცლიდი ქანცს მთელი დღე. ყველა მეორე ხომ ასეთი დამჯერი კლიენტი არ იყო. ზოგს არ უნდოდა ნებით გარანტიის აღება, ძალით აღარ გადიოდა, ოც ევროს ვერ დაახარჯვინებდი, უფრო მეტს, ვიდრე თითონ გადაწყვეტდა (ესეც თეორიაა, 300 ევროს დახარჯვას თუ გეგმავს სარეცხ მანქანაში, შენ 320 უნდა შესთავაზო. 10-ჯერ რომ შენი გაიტანო, ბოლოში 200 ევრო გამოვა.) და ასე მივიდოდი გასავათებული სახლში. აქ კი, მერწმუნეთ, ვაფასებდი, რომ მელოდა გემრიელი ვახშამი, კაი ღვინო და ჩემი ოჯახი. 
პს - რაც არ უნდა ირონიული იუმორით მოვყვე, დღესაც გული მერევა რომ ამ ნაგავი სისტემის მონაწილე ვიყავი. 
  ყაბაყის გრატანი
4-5 ყაბაყი
4 კვერცხი
250 გრამი არაჟანი
მარილი
პილპილი
სულ ეს არის :)
   
ადუღე ყაბაყი მარილიან წყალში დაახლოებით 20 წუთი. ჩანგლით შეამოწმე და მიხვდები. თუ მოიხარშა, გადმოდგი. აი ახლა არის მთავარი ამბავი - კარგად უნდა დაიწუროს, თორემ გრატანი წყლიანი იქნება :P გადაწურე და ნაჩხვლეტებიან ჯამშივე ჩაჭყლიტე ჩანგლით (რა ქვია მაგ ჯამს ?) ცალკე ათქვიფე კვერცხი და არაჟანი (ნაკლებ ცხიმიანი და ცოტათი რძეშიც შეიძლება რომ გახსნა). მოაყარე უხვად მარილი, პილპილი, აურიე ეს ყველაფერი. თუ სურვილი გაქვს, თავზე მოახეხე ყველი და გამოაცხვე მბრუნავ ჰაერზე ელექტრო ღუმელში, 200°. უმარტივესი და უგემრიელესი :) მიირთვი ცხლად ნებისმიერ ხორცთან ერთად. რადგან ბევრი კვერცხია, უხორცოდაც შეგიძლია მიირთვა, კვერცხში ისედაც ბევრი პროტეინია :)

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა

October 4, 2013

Le bon Brunch du dimanche matin / კვირა დილის კაი ბრანჩი

ახლა არ მითხრა ეს რა რეცეპტია, ვინ არ იცის ომლეტის გაკეთებაო. შორიდან მოვუვლი. ვინ დგება კვირას ადრე? მე არა. თუ რამე განსაკუთრებული არ ხდება, კაი ძილს ვაცხობ და დილის საუზმეს ვტოვებ. რომ პირველი საათისკენ კვირის ბრანჩს ცარიელი კუჭით შევხვდე, (თორემ რა მოერევა ამდენს :პ) დღეს რაიმე განსაკუთრებულ რეცეპტს კი არ გთავაზობ. დღეს გიზიარებ რიტუალის რეცეპტს. და როგორც ხშირად, სრულიად მარტივი ინგრედიენტების უკან ერთი ულუფა ბედნიერება იმალება.  ჩემთან, ოჯახში ბრანჩის ჭამა - ომლეტის სუნით გადარეულ და აცმუტებულ ბავშვებთან ერთად ნამდვილი ოჯახური ტრადიციაა და ჩემებს ასე ალბათ მარტო  ჩემი შაქრიანი პოპ-კორნები თუ ახარებთ. აბა, დაუკვირდი  :)

კვირის ბრანჩის აუცილებელი ინგერდიენტები:

ცხელი თეფშები
კვერცხი
თხლად, რგოლებად დაჭრილი ბეკონი 
ძმარი
ახალი გამომცხვარი პური + კარაქი
ახალი ფუნშეულობა გემოვნებით
წვენი გემოვნებით
რძე ამ ყავა
მშიერი კუჭი
გახსნილი გონება რომ ბედნიერებამ გვერდით არ ჩაგიცუნცულოთ

ფოტოზე მოცეულ ბრანჩში:

1 ან 2 კვერცხი 
3 ბეკონი
არ მქონდა მაგრამ მიყვარს ნახევარი პიმიდორი 
პროვანსული სუნელები
ძმარი
ზეთი
კარაქიანი ახალი პურის ტარწინები - ამის გარეშე ომლეტის ჭამა წარმოუდგენელია

შეაწყვე თეფშები 60 გრადუსზე ღუმელში გასაცხელებლად 10 წუთით ადრე, სანამ კარაქიანი პურის მომზადებას დაიწყებ. მადის მიხედვით - მოამზადე ერთი ან ორი ნაჭერი კარაქიანი ახალი პური. გააცხელე ტაფა და დაასხი ზეთი. დაჭერი პომიდორი და ააშიშხინე. მოაყარე რამე კაი სუნელი - ორეგანო უახლოვდება ჩემს პროვანსულ ჯადოსნობას. ძალიან არ ჩაადნო, ოდნავ უმი პომიდორი ამოიღე და ჯამში გადაინახე, ღუმელში შეაგდე თეფშებთან ერთად. არ დაგავიწყდეს, ბრანჩის ერთერთი საიდუმლო ისაა, რომ ცხელ-ცხელი მიირთვა.

მერე დააგდე ბეკონი ცხელ ტაფაზე და მოაწვეთე ძმარი უხვად. დაახალე კვერცხი, მოაყარე სუნელი, შავი ან წითელი პილპილი, მარილი. ხის კოვზით ცილა ხშირ-ხშირად ჩამოაშორე გულს რომ ნაკუწ-ნაკუწ ჩაშუშდეს. შეეცადე გული მთლიანი დარჩეს. მერე გადაიტანე ცხელ თეფშზე, მოუწყვე გვერდით პომიდორი და მიირთვი-მიართვი. აიღე კარაქიანი პური და ჩააწე კვერცხის გულში. შეატანე ყველაფერი დანარჩენი. რომ დამთავრდება, კარაქიანი პურით კარგად მოწმინდე დარჩენილი კვერცხის გული. ფორთოხლის წვენი მიაყოლე და ამასობაში ათუხთუხებულ ყავაზე გადადი.

ბლინები

ყავაზე ხანდახან ბლინებსაც ვაცხობ. ვიღებ 1 ნატურალურ იოგურთს ან 125 გრამ მაწონს, ვახლი 3 კვერცხს, მეოთხედ ჩაის კოვზი სოდა, შაქარი გემოვნებით, მწიკვით მარილი და ფქვილი თვალ-ზომით - არაჟანის ტექსტურის ცომი რომ მივიღო. ბლინების საიდუმლო ჩემთვის ტაფის სიცხელეა. ძალიან ცხელში გული რჩება ცომი, დაბალ ცეცხლზე ცომი არ ფუშფუშდება და არ ვარგა. თავად უნდა იპოვო საშუალო - ცომი უნდა აშიშხინდეს, მაგრამ არ კი დაიწვას. დააცხვე და მიირთვი როგორც გიყვარს ისე - მურაბით თუ შაქრით კაი ყავასთან.

ან - იყიდე ბულკები ან აქ - კრუასანები. ან ახალი კარაქიანი პურები გემრიელ სახლის მურაბასთან.

მერე, თუ ბავშვები ბებიასთან არიან, შებრუნდი ლოგინში და კაი ფილმს უყურე კოტრიალით. 

აბა, კაი ვიკენდს გისურვებ!

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:

https://saba.com.ge/books/details/1369?

არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა

September 30, 2013

Ratatouille / რატატუი

ახლა ჩემი დედამთილის რეცეპტი უნდა დავდო. ნამდვილი, სახლის რეცეპტი. ჩემი ქმარი ამბობს რომ რატატუიში (მულტფილმში) ყველაზე მართალი სცენა ისაა, რატატუის რომ ჭამს ის ცნობილი კრიტიკოსი და თვალისდახამხამებაში რომ ბავშვობის მოგონებებში გადავარდება. ხომ გქონია რომ რაღაც არომატი ან სუნი ან გემო ტვინის უჯრედებს გადაგიტრიალებს და შეგაქანებს ? და წამის მეათასედში ბრუნდები იქ, სადაც ამ სუნს მიყავხარ.

ესაა რატატუი.

ჩემი დედამთილი ისეთ მადისაღმძვრელ სურნელს ატრიალებს სამზარეულოში, უცებ მეც ბავშვობაში ვბრუნდები. თავი გონიოში, ბებიაჩემის სამზარეულოში მგონია :) სადაცაა დამიძახებს, თინიკო, ამოდი აჯაფსანდალი ჭამეო :) მიუხედავად გემოსა და ინგრედიენტების მსგავსებისა, მომზადების წესი განსხვავდება, პირველ რიგში იმიტომ, რომ მზადდება აუცილებლად ზეითუნის ზეთით. მეორე რიგში იმიტომ რომ მწვანილებს არ მოითხოვს. სხვა დანარჩენი თავად განსაჯეთ. 


მასალად საჭიროა: 

3 მოზრდილი ყაბაყი 
1 ბადრიჯანი 
4 დიდი პომიდორი 
2 მოზრდილი ხახვი 
2 კბილი ნიორი 
თითო მწვანე, ყვითელი და წითელი ბულგარული (შეგიძლიათ გამოიიყენოთ მხოლოდ ერთი ფერის, აჯობებს თუ წითელი იქნება) 
ქონდარი/დაფნა 
ზეითუნის ზეთი 
მარილი/პილპილი 

რატატუის მზადება იწყება ყველა პროდუქტის გასუფთავებით და დაჭრით. ვიწყებთ ბულგარულით. დავჭრათ კუბუკებად. ბადრიჯანი იჭრება კანგაუცლელად, ყაბაყი კი ისე გათალეთ, რომ მწვანე კანი შერჩეს ზოლებად. ანუ სათლელით თუ გათლით, ნახევარი დაუტოვეთ. პომიდორს გადავავლოთ მდუღარე წყალი და გავაცალოთ კანი. როცა ყველა პროდუქტი გამზადდება, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ღრმა ქვაბში ჩავასხათ ბლომად ზეითუნის ზეთი, 3-4 სუფრის კოვზი. ჩავაყაროთ ხახვი. ხახვი რომ გამჭვირვალე გახდება, ვამატებთთ ბულგარულს. კარგად ამოვურიოთ და ნელ ცეცხლზე დავტოვოთ რამდენიმე წუთი. 

4-5 წუთში ისევ ამოვურიოთ და ჩავამატოთ ბადრიჯანი, ესეც გავაჩეროთ დაახლოებით 5 წუთამდე და შევურიოთ ყაბაყი. თავზე დავახუროთ და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ ნახევარი საათი. 

ბოლო ეტაპზე (არადა ჩვენში როგორც წესი პომიდორს ვამატებთ ხახვს) ჩავყაროთ პომიდორი, ვუყოთ ნიორი, მარილი, პიმპილი, ქონდარი და დაფნა. ასე კიდევ დავაშუშოთ სანამ, ჩემი დედამთილის სიტყვებით რომ ვთქვათ, კერძი მურაბასავეთ არ გახდება, ესე იგი, იდხანს და ნელ ცეცხლზე. ესეც თქვენი რატატუი :) 

პომიდორთან ერთად შეგვიძლია ჩავამატოთ ზეთისხილი. მე სუფრაზე გადანისას რეჰანი მოვაჭერი. საფრანგეთში რეჰანს მოთუხთუხე კერძში არასოდეს არ ჩააჭრიან, რადგან ადუღებისას მთელ არომატს კარგავს. 

შეგვიძლია ამასთან ერთად მოვამზადოთ ბრინჯი და სუფრაზე ერთად გავიტანოთ :) 

bon apetit !!! 

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა

September 27, 2013

Mousse au chocolat / შოკოლადის მუსი

        ვის არ უყვარს შოკოლადი? რძით? თხილით? მწარე პიკანტური? ცხელი? ყავასთან? დეპრესიისას? ღამე რომ გაიღვიძებ და კარადაში მალულად შეექცევი?  
           შოკოლადის მუსის მთავარი გამოწვევა მისი "მუსურობაა". ერთხელ ისეთი ლექცია ვისმინე ამ თემაზე, რომ თქვენც უნდა გაგიზიაროთ. შოკოლადის მუსიცაა და შოკოლადის მუსიც თურმე. რახან შოკოლადი ურევია და ჭიქაში ასხია, განა ეს კმარა ? არა, არა და არა ! მთელი ბედნიერება მის ტექსტურაშია. თუ მუსური არაა, თუ ჰაეროვნად არ ამოდის ჭიქიდან, არ მინდა მისი არაფერიო - გეტყვიან გურმანი ფრანგები ჩემს ოჯახში. თუ კარაქივითაა და კოვზით იჭრება, ესე იგი ჩაგვარდნია და ეგააო. ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩემი დედამთილის, ვივეტის რეცეპტმა გაჭრა. რაც მე ინგრედიენტები და დრო დავხარჯე რომ ეს ყბადაღებული "მუსურობა" ამეთვისებინა! 
     მთელი საიდუმლო მის სიმარტივეშია, მთელი ისტორია მთავარი კომპონეტეტის, შოკოლადის წარმოსაჩენად ვითარდება. საბაზისო ინგრედიენტები უკანა პლანზეა, მხოლოდ იმას ემსახურებიან, რომ დესერტი მდნარი, მუსური ან უფრო ქართულად, ჰაეროვანი იყოს.
        ეს რეცეპტი ფეისბუკზე ჩემს რეცეპტებში ერთერთი ყველაზე პოპულარულია. სცადეს და გამოუვიდათ. ასე რომ, მთავარია ჩემს რჩევებს მისდიოთ. აქ ხომ სტანდარტული რეცეპტი არაა? პირდაპირ წვრთნაა !

დაგვჭირდება სულ რაღაც:
3 კვერცხის ცილა
200 გრამი შოკოლადი (გასადნობი, საკონდიტრო)
250 გრამი ნაღები (ან არაჟანი)
50 გრამი შაქარი

გავადნოთ შოკოლადი შემდეგნაირად. მომცრო ქვაბში დავტეხოთ შოკოლადი, ოდნავ მოზრდილში ჩავასხათ ცოტა წყალი. წყლიან ქვაბში მოვათავსოთ მეორე, შოკოლადიანი, ანუ მომცრო :D არსად არ გვეჩქარება, დავიმახსოვროთ და ნელ ცეცხლზე დავადნოთ შოკოლადი, ძალიან არ უნდა გაცხელდეს. აქეთ, ავთქვიფოთ ცილა, მანამ სანამ არ გამაგრდება, აქ ჩავუმატოთ შაარი.

წინასწარ გაციებულ ჯამში ასევე წინასწარ გაციებული ჩხირებით ამოვიყვანოთ ნაღები გამაგრებამდე  (იხილეთ შარლოტას რეცეპტი შანტილის უკეთ მოსამზადებლად). გამდნარი შოკოლადი ფრთხილად შევურიოთ კვერცხის ცილას, ბოლოს კი ჩავუმატოთ შანტილი. სულ ესაა :) ჩაასხით ფორმებში, როგორშიც გაგეხარდეთ და გააფორმეთ რითიც გაგეხარდეთ. 2 საათი მაცივარში და ეგაა :)

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა

September 25, 2013

Rôti de porc à l'ail / ღორის დაბრაწული ნივრით

აბა გადავედით ხორცზე :) ეს რეცეპტი საქართველოში არაერთხელ ნაცადია და დარწმუნებით ვიტყვი რომ წარმატებულიც. ხორცის მოყვარულებს ნაღების, ქონდარისა და ნივრის კომბინაცია ნამდვილად ვერ დატოვებს გულგრილს. საკმაოდ მარტივი და მსუყე რეცეპტია. უგემრიელესი ღორის როწი - დაბრაწულად რომ ვთარგმნე თქვენს მენიუში თავის ადგილს იპოვის, თუ ერთხელ მაინც სცდით :)




მასალად საჭიროა:

800 გრამამდე ღორის სუკი
4-5 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი ქონდარი
1-2 ფოთოლი დაფნა
100-200 გრამი არაჟანი
1 კუბიკი საქონლის ბულიონი
800 მილიგრამი წყალი


ესე იგი, უნდა ავიღოთ ღორის ხორცი. მსხვილი ნაჭერი. რა ფორმითაც საჭიროა, ისე არ იყიდება საქართველოში. უძვლო ნაწილი უნდა იყოს, სუკს ეძახიან თუ არ ვცდები. თუ ვცდები, შემისწორეთ. უნდა შეკრათ მსხვილი ძაფით, თუნდაც კაპრონის ძაფით. რა ფორმაც უნდა მისცეთ სურათზე იქნება ქვემოთ მოცებული. ავიღოთ ღრმა ჯამი, ისეთი რომლის მაღალ ტემპერატურას უძლებს და მოვუსვათ ცხიმი (თუ გვაქვს "შემთხვევით" იხვის ქონი გადასარევია, თუ არადა უბრალოდ კარაქი). შიგ ჩავდოთ ჩვენი სუკი, ისიც კარგად ამოვსვაროთ ცხიმში (უჰ რა ქოლესტერინიანია, ისედაც ღორის ხორცი რაა და ცხიწასმული ხომ საერთოდ... იფ იფ, გემრიელი რომაა?) 

მოკლედ, გავაცხელოდ ღუმელი 200 გრადუსზე. ხორცი დანით ჩაჩხვლიტეთ და ღერებად დაჭრილი ნიორი ჩაურჭვეთ რამდენადაც არ დაგეზარებათ იმდენ ადგილას. მიახლოებით ერთი ბკილი ნიორი მაინც უყავით ასე. ერთი კბილიც შუაზე გაჭერით და მთლიან ხორცს კარგად მიუსვ-მოუსვით. დარჩენილი ნიორიც ჩაჭყლიტეთ და ჯამში ჩაყარეთ. წყალში გახსენით ბულიონი და დაასხით ხორცს. მოაყარეთ ქონდარი, ჩააგდეთ დაფნა. შავი პიმპილი/მარილი გემოვნებით. შეაგდეთ ცხელ ღუმელში და აცხეთ დაახლოებით ერთი საათი. ამ ერთ საათში მოამზადეთ კარტოფილის პიურე. 

თუ გინდათ მიხვდეთ თუ არის ხორცი მზად, დანის წვერით ჩაჩხვლიტეთ და წვენი თუ გამოუვა, ესე იგი მზადაა. გამოვიღოთ ახლა ეს კერძი ღუმლიდან და ხორცი მოვათავსოთ ცალკე. წვენი ჩავასხათ პატარა ქვაბში და მანამ ვადუღოთ სანამ ნახევარს არ ამოიშრობს. ეს წაიღებს დაახლოებით 15 წუთს. ძაანაც არ გადააჭარბოთ, თორებ უსოუსოდ დარჩებით. ჩაუმატეთ პიმპილი, მარილი და არაჟანი. არაჟანი იმდენი ჩაუმათეთ რომ სოუსის შემადგენლობა მიიღოთ. თვალზომით.

ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვასხვათ სოუსი და გვერდით გავაფორმოთ კარტოფილის პიურეთი. და მნიამ !!!

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა

September 23, 2013

Tarte aux pommes / ვაშლის ტარტი



ყველა დიდი შეფ მზარეული აღნიშნავს რომ ყველაზე გემრიელი რეცეპტების საიდუმლო მათ სიმარტივეშია. რაც კაია - კაია. ჩემს ტარტს კარგი ბაზა აქვს, ხრაშუნა. ვაშლის გარნიტურა მდნარია. თუ არ დაგეზარა და ჩემსავეთ გააფორმე, გატანისას იამაყებ. და ბოლოს, ვაშლის ტარტის გაკეთებას კულინარიის დოქტორის წოდება სულაც არ სჭირდება :) მსუბუქი, ელეგანტური და გეეეემრიელი - ვაშლის ტარტი!

(P.S. უბრალოდ დაჭრილი ვაშლი პირდაპირ რომ ჩაყარო ცომის ბაზაში, იგივე გემო ექნება ტარტს და ნაკლებად იწვალებ)

ცომისთვის: 

250 გრამი ფქვილი
125 გრამი კარაქი
1 კვერცხი
60 გრამი შაქარი
მწიკვით მარილი

(შეგიძლია მზა ფენოვანი ან ფხვიერი ცომით ჩაანაცვლო)

გარნიტურისთვის

4 მოზრდილი ვაშლი
100 გრამი შაქარი (მუქი მოყავისფრო შაქარი - sucre de canne / brown sugar- თუ იშოვება არ ვიცი, ის ჯობს, თუ არადა ჩვეულებრივი) 
(+ 200 მილილიტრი brown sugar-ს სიროფი, თუ გვაქვს - ფრჩხილებშვი ვსვამ, რადგან აუცილებელი არაა და თუ გვაქვს შაქარი მხოლოდ 50 გრამი ვუყოთ)
10 გრამი კარაქი
3 ს/კ ფქვილი
3 კვერცხი
მწიკვით მარილი
1 ჩაის კოვზით დარიჩინი

ცომის სუყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიე, სანამ ერთგვაროვან ცომს არ მიიღებთ. შედგი მაცივარში ნახევარი საათით.

ამასობაში ათქვიფე მთლიანი კვერცხი შაქართან და გამდნარ კარაქთან ერთად. შემდეგ ჩაუმატე ფქვილი და დარიჩინი, მწიკვით მარილიც. (სიროფიც აქვე ჩავუმატოთ. თუ გვაქვს)

ვაშლს როგორც გინდა ისე დაჭრი და ისე ჩააწყობ. მაგრამ თუ გინდა რომ ისეთივე ლამაზი "პეროგი" გამოგივიდეს როგორც ჩემია ფოტოზე, მაშინ გააკეთე ჩემსავეთ: ვაშლს ვთლი და მრგვალ, თხელ ნაჭრებად ვჭრი. მხოლოდ ამის შემდეგ ვჭრი თითოეულ ნაჭერს შუაზე და ვაცლი გულს. ასე ბევრად ლამაზი ნახევარმთვარისებური ფორმა აქვს, ვიდრე ჯერ რომ შუაზე გავჭრათ, მერე გული ამოვჭრათ და მერე თხელ ნაჭრებათ დავჭრათ. მოკლედ:

ამის შემდეგ გააბრტყელე ცომი მსუბუქად ფქვილ მოყრილ დაფაზე. ჩააფინე კარაქმოსმულ ფორმაში. ჩააწყვე ვაშლები ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული (ან სხვაგვარად) და მოასხი კვერცხის მასა ფრთხილად, ისე რომ ვაშლების ამდენი წვალებით მიღებული ლამაზი ფორმა არ დაიშალოს :) რაც ზედმეტი ცომი მოვიდეს, ნუ დაგენანება, არ მიკეც-მოკეცო, ამოჭერი, პრეზენტაციაც მნისვნელოვანია :)

აცხვე 150 გრადუსზე 45 წუთის განმალობაში :)

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა