November 25, 2013

Croquettes de belle-maman / (ხრაშა-ხრუშა) კროკეტები ვივეტის რეცეპტით

ამ შაბათს ჩემი დედამთილი გარდაიცვალა. ვახშმის შემდეგ იმავე კომოდს მივაკითხე, ქვემოთ რომ მიწერია. ჰოდა იმავე ყუთში ჯერ კიდევ იყო რამდენიმე კროკეტი და ორცხობილა. მთელმა ოჯახმა გავინაწილეთ და გული ავიჩუყეთ. 

ეს რეცეპტი როგორ არ გამხსენებოდა. ამ ზაფხულს დავწერე ეს პოსტი და ვიფიქრე, რომ ისევ უნდა მომეტანა თქვენთან. ჩემი ბელმამან სამზარეულოში რომ ფუსფუსებდა, სიყვარულს აფრქვევდა. მან ასე იცოდა თქმა მიყვარხარო. დღეს უზარმაზარი საყინულე მზა კერძებითაა სავსე. კიშები, რატატუები, პამიდვრები ხორცის სატენით, კიდევ ნაყინები ათასგვარი... კარ ვიცოდი თუ ოდესმე საყინულესთან ამდენ ემოციას განვიცდიდი. ჩემს პოსტებს ვინც კითხულობს იცოდეს, რომ ჩემი რეცეპტების დიდი ნაწილი მისი რჩევებით და სითბოთია სავსე. სახსოვრად მისივე რეცეპტების წიგნი მაქვს და ვიცი, რომ ყოველდღიურად გავიგონებ მის ხმას დოზებისა და რჩევების კითხვისას.   მადლობა, ბელმამანს ამ სიყვარულისთვის. 

ზაფხულის პოსტი:


ჩემს დედამთილს, ვივეტს, მისაღებ ოთახში კომოდი უდგას. ყველამ ვიცით რომ იმ კომოდში სასუსნავებია. მათ შორის ტანტან-ის ნახატიანი ყუთი (ცნობილი კომიქსის გმირია Tintin), რაშიც ნამცხვრუკებს ინახავს ხოლმე. ორცხობილებს, პაწაწუკა ბეზეებს და ლიონურ კროკეტებს. საღამოს, კარგი ვახშმის (როგორ მას ჩვევია) და ღვინის მერე რომ რამე შტერულ სერიალს ჩავუჯდებით, ამ ყუთს გამოვაბრძანებთ და ვაკნატუნებთ. 

მარტივი ნამცხვარია და თუ ქოლესტერინი თუ გაწუხებთ - ზედგამოჭრილია.  ვშლი ჩემი დედამთილის რეცეპტები წიგნს და მივყვები რჩევებს.


2 ჭიქა ფქვილი
2 ჭიქა შაქარი
2 ჭიქა მთელ-მთელი ნუში
2 ფორთოხლის ცედრა
2 კვერცხი

გაათბეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ფქვილი და ცედრა. ბოლოში აურიეთ ნუში. თუკი მასა საკმარისად მკვრივი არაა, დაუმატეთ ფქვილი. მიეცით დაახლოებით რულეტის ფორმა და მოათავსეთ კალკიან, ცხიმმოსმულ ფორმაზე. აცხვეთ სადღაც 30 წუთი, ნამცხვარი უნდა გაოქროსფერდეს. 

ღუმელიდან რომ გამოიღებთ, მაშინ იწყება მთავარი. ნამცხვარმა დაახლოებით მართკუტხა ფორმა მიიღო და უნდა გაჭრათ სიგრძეზე, მერე კი თეხლ-თხელ ჩხირებად კროკეტები უნდა დაჭრათ. სირთულე სწორი ტემპერატურის შერჩევაა. თუ ნამცხვარი გაცივდა, ვეღარ დაჭრით, თუ ძალიან ცხელს დაჭრით დაიშლება. უნდა იპოვოთ ეს შუალედი - დაჭრისას ნუში არ უნდა ამოცვივდეს, მადისაღმძვრელად უნდა ჩაიჭრას შუაში. როგორც ფოტოზეა.


მერე, შეინახეთ თუნუქის ყუთში და ჩაისა თუ ყავაზე აკნატუნეთ.

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:



თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

November 19, 2013

Moelleux chocolat café / შოკოლადის ფაფუკი ყავით

კუკუუუ! მაპატიეთ რომ მიგატოვეთ და ეს პოსტიც არაა დაბრუნების მანიშნებელი. ბევრი, ბევრი საქმე გამომიჩნდა. ამ დილით ცოტა შემრცხვა და შოკოლადის და ყავის ფაფუკით უნდა დაგატკბოთ.  ასე ქვია სიტყვა სიტყვით ამ ნამცხვარს, ანუ ფაფუკი ნამცხვარიო :)

300 გრამი შავი შოკოლადი
6 კვერცხი
200 გრამი შაქარი
100 მილიგრამი ცივი ყავა
150 გრამი გამდნარი კარაქი, გაგრილებული
50 გრამი ფქვილი
1/2 ჩაის კოვზი სოდა ან ქიმიური დროჟი (რაზრიხრიწელი)

ჩავრთოთ ღუმელი 150°-ზე, 22 სანტიმეტრიანი დიამეტრის ჩვეულებრივ მრგვალ ფორმას მოვუსვათ კარაქი.

როგორც გითხარი ისე, გაადნეთ შოკოლადი. (იხ. შოკოლადის მდნარი Fondant au Chocolat). გავაცალკევოთ კვერცხის ცილა და გული, გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. კარგად რომ გათეთრდება, შევურიოთ გამდნარი კარაქი და ყავა. ჩაუმატე შოკოლადი და თან განუწყვეტლივ ურიე ხის კოვზით. ბოლოს შეურიე ფქვილი და დროჟი. თუ სოდას იყენებ, არ გადააჭარბო,  რა ვიცი, მაინც გემო არ მისცეს.

ამოიყვანე კვერცხის ცილა, კარგად რომ გამყარდება შეურიე ცომს. ოღონდ, საუკეთესო ეფექტისთვის, არ მოურიო, ხის კოვზით ძალიან ფრთხილად ჩაზილე, ისე რომ კვერცხსი ცილის სტრუქტურა არ დაიშალოს. ეგ დიდი არაფერი ეხლა, თუ ძაან იდეალურად არ გამოგივა.


ჩაასხი ფორმაში და აცხვე 30 წუთი, ადროვე 10 წუთი გაგრილება და ამოიღე ფორმიდან. მიირთვი თბილი ან ცივი :) გიჟდებიან ბავშვები :)

P.S. არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა
https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:

https://saba.com.ge/books/details/1369?

სოფოს კითხვის პასუხად: ეს ჩემი დოზების ჭიქაა. რამოდენიმე მხარე აქვს და მითითებული ფქვილი, შაქრის ან კიდევ ბრინჯის დოზები. ძალიან პრაქტიკულია. ვიცი რომ არის დანიურ სახლში. შუშისაა და წითლად აწერია :პ თუ ფრანგულია, არ შეგეშინდეს, მოგეხმარები


October 18, 2013

Courgettes farcies au saumon et chèvre / ყაბაყი ორაგულისა და თხის ყველის სატენით

ყაბაყი გრატანში და ყაბაყი რატატუიში, ჰა ჰა ომლეტში. მომბეზრდა და რაღაც განსხვავებული გავაკეთე წინა დღეს. ყაბაყის პატარა მაკი, ორაგულის სატენით - თან გემრიელი, თან სასარგებლო და თან მშვენიერი. კიდევ მარტივი. რიზოტოსთან ერთად საერთოდ საოცრებაა. მწვანე და სტაფილოსფერი ფერების კონტრასტი - ორიგინალური რეცეპტი იოლი სამზარეულოს მოყვარულებისთვის.



3 ცალი ყაბაყი
200 გრ ორაგული (სავარაუდოდ ფენებად დაჭრილი)
180 გრამი თხის მდნარი ყველი chèvre
პილპილი
ზეითუნის ზეთი
რეჰანი ან ბაზილიკა
100-150 მილილიტრი ნაღები ან არაჟანი
1 კბილი ნიორი

გააცხელე ღუმელი 240 გრადუსზე.

გაჭერი ყაბაყი სამად და ამოაცალე გული. ყაბაყის ძირი ხელშეუხელბად დატოვე. მოამზადე სატენი: დაჭერი წვრილად ორაგული, ყველი, ბაზილიკა და ყაბაყის გული.  გააცხელე ზეთი ტაფაზე და ჩაშუშე ყაბაყი. რომ გამზადდება, დაუატე ორაგული, ყველი, მარლი, პილპილი და ბაზილიკა.

ჩატენე ეს ყველაფერი ყაბაყში და გამოაცხე 45 წუთი.

დარჩენილი სატენი ათქვიფე ნაღებთან და ნიორთან ერთად. წამოადუღე და შეანელე გემოვნებით.




















ცალკე შეგიძლია მოამზადო ან პიურე, ან ბრინჯი. აი, რიზოტოს იდეაც:

1 თავი საშუალო ხახვი
2-3 მოზრდილი სტაფილო
400 გრამი ბრინჯი
3 ბულიონის კუბი
200 მილილიტრი თეთრი ღვინო
და დანარჩენი წყალი (ერთ წილ ბრინჯზე ორი წილი სითხე)
ზეითუნის ზეთი
მარილი/პილპილი/ზაფრანი
სურვილისამებრ, პარმეჯანო

შეაწითლე წვრილად დაჭრილი ხახვი. დაუმატე ასევე წვრილად დაჭრილი სტაფილო. მერე ჩაყარე ბრინჯი და ოდნავ შეაწითლე. დაასხი ღვინო და წყალი. დაახურე თავზე. აადუღე და ცეცხლს დაუკელი. დატოვე ნელ ცეცხლზე 10-15 წუთი. სახურავი არ ახადო. გამორთე და დატოვე თავდახურული კიდევ ხუთი წუთი. გატანისას შეგიძლია მოაყარო პარმეჯანო.

მერე ლამაზად გააფორმე წინასწარ გაცხელებული თეფშები და მიირთვი ცხელ-ცხელი.


P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


P.S. არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა




October 11, 2013

Grattin de courgettes /უმარტივესი ყაბაყის გრატანი

(გადმოტანილია http://mzera.tv/module-5/150-tinatin-noghaideli-blogs/396-gamyidvelis-cxovrebidan-yabayis-gratani - დან (ვისაც ჩემი ბლაა ბლააა არ აინტერესებს, შეუძლია პირდაპირ რეცეპტზე გადავიდეს - ბოლოში))
წელს თავისუფალი დრო ბევრად მეტი მაქვს, ვიდრე ბოლო ორი წლის მანძილზე. კვირაში ექვს დღეს რომ ჩემს ყოფილ უფროს, კევინთან ერთად აღარ გავატარებ, განა ხუმრობაა? ჭურჭლის სარეცხ მანქანებს რომ მეორე სართულზე აღარ ვეზიდები? და გამუდმებით რომ ტყული აღარ მომიწევს? აჰ, ეს უნდა გამოიარო, რომ მიხვდე, რომ ამის არ კეთება, მარტივად - ბედნიერებაა.
ცხოვრების ეს ეტაპი გასავლელი იყო. ჩემი გოლგოთა, ჯვარი და ეკლები იყო გარანტიები, ფინანსები, სარეცხი მანქანები, ღუმელები, მტვერსასრუტები, ტელევიზორები და ათასი წვრილმანი.  ჩემს მკითხველზე ვფიქრობ - ვინ იცის, რამდენი საქმე აქვს. ჯიბეში ერთი ორი ისეთი რეცეპტი მაქვს გადანახული, ზედმეტ პომპეზურობას რომაა მოკლებული. ესე იგი, არის მარტივიც, სწრაფიც, გემრიელიც, სასარგებლოც და ყუათიანიც.
შუადღისას ორსაათიანი შესვენება მქონდა. ჩავიდოდი ერთ მეტროში, მერე გადავჯდებოდი მეორეში, მერე მესამეში და ამოვიდოდი სახლში. შინ მოსულს ორმოცდახუთი წუთი მქონდა ვახშმის მოსამზადებლად. ცოტაც ქმართან ერთად სასაუზმოდ, ოლივიე ჩემს დასვრილ სამზარეულოს ალაგებდა და, ალე ჰოპ, უკან ვბრუნდებოდი. საღამოს კი ბავშვები მიირთმევდნენ შინ გაკეთებულს და არა ნახევარფაბრიკატს. ამის ხათრით ხო ღირს წვალება? მერე ისევ ავიღებდი ჯერ ერთ, მერე მეორე, მერე მესამე გადასაჯდომ ბილეთს მეტროში და ვბრუნდებოდი სამსახურში. არ დაგავიწყდეთ, იგივეს ვაკეთებდი დილით სამსახურში წასასვლელად და საღამოს უკან, შინ დასაბრუნებლად.
21-ე საუკუნის საზოგადოებას მედიებმა "la société de la consommation"  უწოდეს. ესე იგი, "მომხმარებელთა საზოგადოებაო". ხალხი ყიდულობს არა იმიტომ, რომ ჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მოდაშია, მაგარია, უკეთესი მოდელი გამოვიდა, ფასდაკლებაა, სამს თუ იყიდი მეოთხეს ნახევარფასად "გჩუქნიან" ანუ იმ ფულს გახარჯინებენ, რომ არა ეს ფასდაკლება, ასი წელი რომ არ დახარჯავდი. ჩემს საქმეს პროფესიული ტყუილიც შეადგენდა. აბა რა ? ჩემი ხელფასი პირდაპირ იყო მიბმული ჩემს გაყიდვებთან. ჩემთან მოსულ კლიენტს რას ვეტყოდი, არაფერი ისეთი არ ჭირს შენს ტელევიზორს, შეაკეთე თქო ?
დღეში რამდენჯერმე, ოდნავი შესწორებით, ასეთ დიალოგს ვმართავდი:
 - აუფ, ორი წლისაა თქვენი ტელევიზორი ? დაძველებულა. გარანტია გაქვთ ?
-არაო, – საწყლად მიპასუხებდა.
აქ ირონიულად ჩავიცინებდი (ეს გარანტიების გაყიდვის თეორიის გაკვეთილებზე გვასწავლეს).
 - აბა რა გეგონათ, გარანტიას რომ არ ყიდულობდით... - მივტუქსავდი (ჩათვალე რომ მომდევნო ტელევიზორის გარანტია ნახევრად გაყიდულია). - იცით, შეკეთება რა ძვირი ჯდება ? მერე რა ვადებია ? ყველაფერი კორეიდან მოდის ? მაგას ჯობია ახალი იყიდო.
რას იტყოდა საწყალი, არ მაქვს ფულიო. და აქ!!! ოქროს არგუმენტი მქონდა გამზადებული:
- ფული არ გაქვს ? მერე რა ? (ეს არის ჩემი საყვარელი რეპლიკა!)
და შევთავაზებდი უმაგრეს დაფინანსებას 0 პროცენტად. აქ ის ისევ თუ აგრძელებდა წინააღმდეგობას: ხელფასი დაბალი მაქვს, არ დამაფინანსებენო, მე თვალს ჩავუპაჭუნებდი:
- რას ამბობ, მოვაგვარებთ, ჩემზე არაა, რას ჩავწერ-თქო.
და ხელფასის ადგილას ერთ 200-300 ევროთი მეტს მოვნიშნავდი.
- ბარემ რახან 30 ჯერ იხდი, ერთი პატარა გარანტიაც მიაყოლეთ, რა იცი რა ხდება, ხო ხედავთ რა დღეში ჩავარდით უმაგისოდ-მეთქი. რო გქონოდა, ასეთი ხუთწლიანი გარანტია, ხომ ასცდებოდი ახლა 1300 ევროს დახარჯვას თქვა ?
ის იკითხავდა გარანტიის ფასს და დაიხევდა უკან. ძვირიაო. (მაინც ყველა რავა ერთნაირები არიან) ეგ შემაშინებდა მე? ასჯერ მესმის ეს ფრაზა დღეში. გამოვაძრობდი სტატისტიკის ფურცელს (ეგეც გაკვეთილებზე დაგვასწავლეს).
 - ა, შეხედეთ, რა და რა პროდუქტი ფუჭდება სტატისტიკურად უფრო ხშირად და რა ღირს მათი შეკეთება. ღირს ახლა თვეში 3 ევროს გულობიზა მაგ შარში თავის გაყოფა-თქოო?
გაუსკდებოდა გული და ასე გავყიდდი ახალ ტელევიზორს მისი გარანტიით. თითო გარანტიაში ხუთ ევროს ვიღებდი, ოღონდ "შუტკა" იმაშია, რომ ეს ხდებოდა მხოლოდ ოცი გარანტიის გაყიდვის შემდეგ. ყველაფერში ასეთი ძაღლის თავია. თვის ბოლოს ერთი გარანტია დაგაკლდება და ვინაა წაგებული? ჩემი კლიენტი და მე, კომპანიას კი შეუვა სუფთა მოგება ცარიელი ფურცლების გაყიდვაში.  ორი წლის მანძილზე ერთადერთხელ ავიღე ხუთი ევრო ბრუტი თითო გარანტიაში. ახლა თავად განსაჯეთ. ანუ კლიენტები ძალიან გაფუჭდნენ. რაც ამ ოხერმა ჟურნალისტებმა სიუჟეტების კეთება დაიწყეს, ძალიან გვიძალიანდებოდნენ გარანტიების და ფინანსების საკითხში. ეს უკანასკნელი კი გარანტიის გაყიდვის უტყუარი საშუალება იყო.
უბრალო მათემატიკის საკითხია: 100 ევროს ჯიბიდან ამოღება რთულია და 20-ჯერ თუ გადაიხდის, 5 ევრო გამოდის თვეში. ასე ტყუვდება გონება, რაც ცოტად ჟღერს, მით გვეიოლება. გვავიწყდება რომ 5-ჯერ ოცი ბოლოში მაინც 100-ია.
ასე გავიცლიდი ქანცს მთელი დღე. ყველა მეორე ხომ ასეთი დამჯერი კლიენტი არ იყო. ზოგს არ უნდოდა ნებით გარანტიის აღება, ძალით აღარ გადიოდა, ოც ევროს ვერ დაახარჯვინებდი, უფრო მეტს, ვიდრე თითონ გადაწყვეტდა (ესეც თეორიაა, 300 ევროს დახარჯვას თუ გეგმავს სარეცხ მანქანაში, შენ 320 უნდა შესთავაზო. 10-ჯერ რომ შენი გაიტანო, ბოლოში 200 ევრო გამოვა.) და ასე მივიდოდი გასავათებული სახლში. აქ კი, მერწმუნეთ, ვაფასებდი, რომ მელოდა გემრიელი ვახშამი, კაი ღვინო და ჩემი ოჯახი. 
პს - რაც არ უნდა ირონიული იუმორით მოვყვე, დღესაც გული მერევა რომ ამ ნაგავი სისტემის მონაწილე ვიყავი. 
  ყაბაყის გრატანი
4-5 ყაბაყი
4 კვერცხი
250 გრამი არაჟანი
მარილი
პილპილი
სულ ეს არის :)
   
ადუღე ყაბაყი მარილიან წყალში დაახლოებით 20 წუთი. ჩანგლით შეამოწმე და მიხვდები. თუ მოიხარშა, გადმოდგი. აი ახლა არის მთავარი ამბავი - კარგად უნდა დაიწუროს, თორემ გრატანი წყლიანი იქნება :P გადაწურე და ნაჩხვლეტებიან ჯამშივე ჩაჭყლიტე ჩანგლით (რა ქვია მაგ ჯამს ?) ცალკე ათქვიფე კვერცხი და არაჟანი (ნაკლებ ცხიმიანი და ცოტათი რძეშიც შეიძლება რომ გახსნა). მოაყარე უხვად მარილი, პილპილი, აურიე ეს ყველაფერი. თუ სურვილი გაქვს, თავზე მოახეხე ყველი და გამოაცხვე მბრუნავ ჰაერზე ელექტრო ღუმელში, 200°. უმარტივესი და უგემრიელესი :) მიირთვი ცხლად ნებისმიერ ხორცთან ერთად. რადგან ბევრი კვერცხია, უხორცოდაც შეგიძლია მიირთვა, კვერცხში ისედაც ბევრი პროტეინია :)

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა

October 4, 2013

Le bon Brunch du dimanche matin / კვირა დილის კაი ბრანჩი

ახლა არ მითხრა ეს რა რეცეპტია, ვინ არ იცის ომლეტის გაკეთებაო. შორიდან მოვუვლი. ვინ დგება კვირას ადრე? მე არა. თუ რამე განსაკუთრებული არ ხდება, კაი ძილს ვაცხობ და დილის საუზმეს ვტოვებ. რომ პირველი საათისკენ კვირის ბრანჩს ცარიელი კუჭით შევხვდე, (თორემ რა მოერევა ამდენს :პ) დღეს რაიმე განსაკუთრებულ რეცეპტს კი არ გთავაზობ. დღეს გიზიარებ რიტუალის რეცეპტს. და როგორც ხშირად, სრულიად მარტივი ინგრედიენტების უკან ერთი ულუფა ბედნიერება იმალება.  ჩემთან, ოჯახში ბრანჩის ჭამა - ომლეტის სუნით გადარეულ და აცმუტებულ ბავშვებთან ერთად ნამდვილი ოჯახური ტრადიციაა და ჩემებს ასე ალბათ მარტო  ჩემი შაქრიანი პოპ-კორნები თუ ახარებთ. აბა, დაუკვირდი  :)

კვირის ბრანჩის აუცილებელი ინგერდიენტები:

ცხელი თეფშები
კვერცხი
თხლად, რგოლებად დაჭრილი ბეკონი 
ძმარი
ახალი გამომცხვარი პური + კარაქი
ახალი ფუნშეულობა გემოვნებით
წვენი გემოვნებით
რძე ამ ყავა
მშიერი კუჭი
გახსნილი გონება რომ ბედნიერებამ გვერდით არ ჩაგიცუნცულოთ

ფოტოზე მოცეულ ბრანჩში:

1 ან 2 კვერცხი 
3 ბეკონი
არ მქონდა მაგრამ მიყვარს ნახევარი პიმიდორი 
პროვანსული სუნელები
ძმარი
ზეთი
კარაქიანი ახალი პურის ტარწინები - ამის გარეშე ომლეტის ჭამა წარმოუდგენელია

შეაწყვე თეფშები 60 გრადუსზე ღუმელში გასაცხელებლად 10 წუთით ადრე, სანამ კარაქიანი პურის მომზადებას დაიწყებ. მადის მიხედვით - მოამზადე ერთი ან ორი ნაჭერი კარაქიანი ახალი პური. გააცხელე ტაფა და დაასხი ზეთი. დაჭერი პომიდორი და ააშიშხინე. მოაყარე რამე კაი სუნელი - ორეგანო უახლოვდება ჩემს პროვანსულ ჯადოსნობას. ძალიან არ ჩაადნო, ოდნავ უმი პომიდორი ამოიღე და ჯამში გადაინახე, ღუმელში შეაგდე თეფშებთან ერთად. არ დაგავიწყდეს, ბრანჩის ერთერთი საიდუმლო ისაა, რომ ცხელ-ცხელი მიირთვა.

მერე დააგდე ბეკონი ცხელ ტაფაზე და მოაწვეთე ძმარი უხვად. დაახალე კვერცხი, მოაყარე სუნელი, შავი ან წითელი პილპილი, მარილი. ხის კოვზით ცილა ხშირ-ხშირად ჩამოაშორე გულს რომ ნაკუწ-ნაკუწ ჩაშუშდეს. შეეცადე გული მთლიანი დარჩეს. მერე გადაიტანე ცხელ თეფშზე, მოუწყვე გვერდით პომიდორი და მიირთვი-მიართვი. აიღე კარაქიანი პური და ჩააწე კვერცხის გულში. შეატანე ყველაფერი დანარჩენი. რომ დამთავრდება, კარაქიანი პურით კარგად მოწმინდე დარჩენილი კვერცხის გული. ფორთოხლის წვენი მიაყოლე და ამასობაში ათუხთუხებულ ყავაზე გადადი.

ბლინები

ყავაზე ხანდახან ბლინებსაც ვაცხობ. ვიღებ 1 ნატურალურ იოგურთს ან 125 გრამ მაწონს, ვახლი 3 კვერცხს, მეოთხედ ჩაის კოვზი სოდა, შაქარი გემოვნებით, მწიკვით მარილი და ფქვილი თვალ-ზომით - არაჟანის ტექსტურის ცომი რომ მივიღო. ბლინების საიდუმლო ჩემთვის ტაფის სიცხელეა. ძალიან ცხელში გული რჩება ცომი, დაბალ ცეცხლზე ცომი არ ფუშფუშდება და არ ვარგა. თავად უნდა იპოვო საშუალო - ცომი უნდა აშიშხინდეს, მაგრამ არ კი დაიწვას. დააცხვე და მიირთვი როგორც გიყვარს ისე - მურაბით თუ შაქრით კაი ყავასთან.

ან - იყიდე ბულკები ან აქ - კრუასანები. ან ახალი კარაქიანი პურები გემრიელ სახლის მურაბასთან.

მერე, თუ ბავშვები ბებიასთან არიან, შებრუნდი ლოგინში და კაი ფილმს უყურე კოტრიალით. 

აბა, კაი ვიკენდს გისურვებ!

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:

https://saba.com.ge/books/details/1369?

არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა

September 30, 2013

Ratatouille / რატატუი

ახლა ჩემი დედამთილის რეცეპტი უნდა დავდო. ნამდვილი, სახლის რეცეპტი. ჩემი ქმარი ამბობს რომ რატატუიში (მულტფილმში) ყველაზე მართალი სცენა ისაა, რატატუის რომ ჭამს ის ცნობილი კრიტიკოსი და თვალისდახამხამებაში რომ ბავშვობის მოგონებებში გადავარდება. ხომ გქონია რომ რაღაც არომატი ან სუნი ან გემო ტვინის უჯრედებს გადაგიტრიალებს და შეგაქანებს ? და წამის მეათასედში ბრუნდები იქ, სადაც ამ სუნს მიყავხარ.

ესაა რატატუი.

ჩემი დედამთილი ისეთ მადისაღმძვრელ სურნელს ატრიალებს სამზარეულოში, უცებ მეც ბავშვობაში ვბრუნდები. თავი გონიოში, ბებიაჩემის სამზარეულოში მგონია :) სადაცაა დამიძახებს, თინიკო, ამოდი აჯაფსანდალი ჭამეო :) მიუხედავად გემოსა და ინგრედიენტების მსგავსებისა, მომზადების წესი განსხვავდება, პირველ რიგში იმიტომ, რომ მზადდება აუცილებლად ზეითუნის ზეთით. მეორე რიგში იმიტომ რომ მწვანილებს არ მოითხოვს. სხვა დანარჩენი თავად განსაჯეთ. 


მასალად საჭიროა: 

3 მოზრდილი ყაბაყი 
1 ბადრიჯანი 
4 დიდი პომიდორი 
2 მოზრდილი ხახვი 
2 კბილი ნიორი 
თითო მწვანე, ყვითელი და წითელი ბულგარული (შეგიძლიათ გამოიიყენოთ მხოლოდ ერთი ფერის, აჯობებს თუ წითელი იქნება) 
ქონდარი/დაფნა 
ზეითუნის ზეთი 
მარილი/პილპილი 

რატატუის მზადება იწყება ყველა პროდუქტის გასუფთავებით და დაჭრით. ვიწყებთ ბულგარულით. დავჭრათ კუბუკებად. ბადრიჯანი იჭრება კანგაუცლელად, ყაბაყი კი ისე გათალეთ, რომ მწვანე კანი შერჩეს ზოლებად. ანუ სათლელით თუ გათლით, ნახევარი დაუტოვეთ. პომიდორს გადავავლოთ მდუღარე წყალი და გავაცალოთ კანი. როცა ყველა პროდუქტი გამზადდება, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ღრმა ქვაბში ჩავასხათ ბლომად ზეითუნის ზეთი, 3-4 სუფრის კოვზი. ჩავაყაროთ ხახვი. ხახვი რომ გამჭვირვალე გახდება, ვამატებთთ ბულგარულს. კარგად ამოვურიოთ და ნელ ცეცხლზე დავტოვოთ რამდენიმე წუთი. 

4-5 წუთში ისევ ამოვურიოთ და ჩავამატოთ ბადრიჯანი, ესეც გავაჩეროთ დაახლოებით 5 წუთამდე და შევურიოთ ყაბაყი. თავზე დავახუროთ და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ ნახევარი საათი. 

ბოლო ეტაპზე (არადა ჩვენში როგორც წესი პომიდორს ვამატებთ ხახვს) ჩავყაროთ პომიდორი, ვუყოთ ნიორი, მარილი, პიმპილი, ქონდარი და დაფნა. ასე კიდევ დავაშუშოთ სანამ, ჩემი დედამთილის სიტყვებით რომ ვთქვათ, კერძი მურაბასავეთ არ გახდება, ესე იგი, იდხანს და ნელ ცეცხლზე. ესეც თქვენი რატატუი :) 

პომიდორთან ერთად შეგვიძლია ჩავამატოთ ზეთისხილი. მე სუფრაზე გადანისას რეჰანი მოვაჭერი. საფრანგეთში რეჰანს მოთუხთუხე კერძში არასოდეს არ ჩააჭრიან, რადგან ადუღებისას მთელ არომატს კარგავს. 

შეგვიძლია ამასთან ერთად მოვამზადოთ ბრინჯი და სუფრაზე ერთად გავიტანოთ :) 

bon apetit !!! 

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა

September 27, 2013

Mousse au chocolat / შოკოლადის მუსი

        ვის არ უყვარს შოკოლადი? რძით? თხილით? მწარე პიკანტური? ცხელი? ყავასთან? დეპრესიისას? ღამე რომ გაიღვიძებ და კარადაში მალულად შეექცევი?  
           შოკოლადის მუსის მთავარი გამოწვევა მისი "მუსურობაა". ერთხელ ისეთი ლექცია ვისმინე ამ თემაზე, რომ თქვენც უნდა გაგიზიაროთ. შოკოლადის მუსიცაა და შოკოლადის მუსიც თურმე. რახან შოკოლადი ურევია და ჭიქაში ასხია, განა ეს კმარა ? არა, არა და არა ! მთელი ბედნიერება მის ტექსტურაშია. თუ მუსური არაა, თუ ჰაეროვნად არ ამოდის ჭიქიდან, არ მინდა მისი არაფერიო - გეტყვიან გურმანი ფრანგები ჩემს ოჯახში. თუ კარაქივითაა და კოვზით იჭრება, ესე იგი ჩაგვარდნია და ეგააო. ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩემი დედამთილის, ვივეტის რეცეპტმა გაჭრა. რაც მე ინგრედიენტები და დრო დავხარჯე რომ ეს ყბადაღებული "მუსურობა" ამეთვისებინა! 
     მთელი საიდუმლო მის სიმარტივეშია, მთელი ისტორია მთავარი კომპონეტეტის, შოკოლადის წარმოსაჩენად ვითარდება. საბაზისო ინგრედიენტები უკანა პლანზეა, მხოლოდ იმას ემსახურებიან, რომ დესერტი მდნარი, მუსური ან უფრო ქართულად, ჰაეროვანი იყოს.
        ეს რეცეპტი ფეისბუკზე ჩემს რეცეპტებში ერთერთი ყველაზე პოპულარულია. სცადეს და გამოუვიდათ. ასე რომ, მთავარია ჩემს რჩევებს მისდიოთ. აქ ხომ სტანდარტული რეცეპტი არაა? პირდაპირ წვრთნაა !

დაგვჭირდება სულ რაღაც:
3 კვერცხის ცილა
200 გრამი შოკოლადი (გასადნობი, საკონდიტრო)
250 გრამი ნაღები (ან არაჟანი)
50 გრამი შაქარი

გავადნოთ შოკოლადი შემდეგნაირად. მომცრო ქვაბში დავტეხოთ შოკოლადი, ოდნავ მოზრდილში ჩავასხათ ცოტა წყალი. წყლიან ქვაბში მოვათავსოთ მეორე, შოკოლადიანი, ანუ მომცრო :D არსად არ გვეჩქარება, დავიმახსოვროთ და ნელ ცეცხლზე დავადნოთ შოკოლადი, ძალიან არ უნდა გაცხელდეს. აქეთ, ავთქვიფოთ ცილა, მანამ სანამ არ გამაგრდება, აქ ჩავუმატოთ შაარი.

წინასწარ გაციებულ ჯამში ასევე წინასწარ გაციებული ჩხირებით ამოვიყვანოთ ნაღები გამაგრებამდე  (იხილეთ შარლოტას რეცეპტი შანტილის უკეთ მოსამზადებლად). გამდნარი შოკოლადი ფრთხილად შევურიოთ კვერცხის ცილას, ბოლოს კი ჩავუმატოთ შანტილი. სულ ესაა :) ჩაასხით ფორმებში, როგორშიც გაგეხარდეთ და გააფორმეთ რითიც გაგეხარდეთ. 2 საათი მაცივარში და ეგაა :)

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა