September 30, 2013

Ratatouille / რატატუი

ახლა ჩემი დედამთილის რეცეპტი უნდა დავდო. ნამდვილი, სახლის რეცეპტი. ჩემი ქმარი ამბობს რომ რატატუიში (მულტფილმში) ყველაზე მართალი სცენა ისაა, რატატუის რომ ჭამს ის ცნობილი კრიტიკოსი და თვალისდახამხამებაში რომ ბავშვობის მოგონებებში გადავარდება. ხომ გქონია რომ რაღაც არომატი ან სუნი ან გემო ტვინის უჯრედებს გადაგიტრიალებს და შეგაქანებს ? და წამის მეათასედში ბრუნდები იქ, სადაც ამ სუნს მიყავხარ.

ესაა რატატუი.

ჩემი დედამთილი ისეთ მადისაღმძვრელ სურნელს ატრიალებს სამზარეულოში, უცებ მეც ბავშვობაში ვბრუნდები. თავი გონიოში, ბებიაჩემის სამზარეულოში მგონია :) სადაცაა დამიძახებს, თინიკო, ამოდი აჯაფსანდალი ჭამეო :) მიუხედავად გემოსა და ინგრედიენტების მსგავსებისა, მომზადების წესი განსხვავდება, პირველ რიგში იმიტომ, რომ მზადდება აუცილებლად ზეითუნის ზეთით. მეორე რიგში იმიტომ რომ მწვანილებს არ მოითხოვს. სხვა დანარჩენი თავად განსაჯეთ. 


მასალად საჭიროა: 

3 მოზრდილი ყაბაყი 
1 ბადრიჯანი 
4 დიდი პომიდორი 
2 მოზრდილი ხახვი 
2 კბილი ნიორი 
თითო მწვანე, ყვითელი და წითელი ბულგარული (შეგიძლიათ გამოიიყენოთ მხოლოდ ერთი ფერის, აჯობებს თუ წითელი იქნება) 
ქონდარი/დაფნა 
ზეითუნის ზეთი 
მარილი/პილპილი 

რატატუის მზადება იწყება ყველა პროდუქტის გასუფთავებით და დაჭრით. ვიწყებთ ბულგარულით. დავჭრათ კუბუკებად. ბადრიჯანი იჭრება კანგაუცლელად, ყაბაყი კი ისე გათალეთ, რომ მწვანე კანი შერჩეს ზოლებად. ანუ სათლელით თუ გათლით, ნახევარი დაუტოვეთ. პომიდორს გადავავლოთ მდუღარე წყალი და გავაცალოთ კანი. როცა ყველა პროდუქტი გამზადდება, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ღრმა ქვაბში ჩავასხათ ბლომად ზეითუნის ზეთი, 3-4 სუფრის კოვზი. ჩავაყაროთ ხახვი. ხახვი რომ გამჭვირვალე გახდება, ვამატებთთ ბულგარულს. კარგად ამოვურიოთ და ნელ ცეცხლზე დავტოვოთ რამდენიმე წუთი. 

4-5 წუთში ისევ ამოვურიოთ და ჩავამატოთ ბადრიჯანი, ესეც გავაჩეროთ დაახლოებით 5 წუთამდე და შევურიოთ ყაბაყი. თავზე დავახუროთ და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ ნახევარი საათი. 

ბოლო ეტაპზე (არადა ჩვენში როგორც წესი პომიდორს ვამატებთ ხახვს) ჩავყაროთ პომიდორი, ვუყოთ ნიორი, მარილი, პიმპილი, ქონდარი და დაფნა. ასე კიდევ დავაშუშოთ სანამ, ჩემი დედამთილის სიტყვებით რომ ვთქვათ, კერძი მურაბასავეთ არ გახდება, ესე იგი, იდხანს და ნელ ცეცხლზე. ესეც თქვენი რატატუი :) 

პომიდორთან ერთად შეგვიძლია ჩავამატოთ ზეთისხილი. მე სუფრაზე გადანისას რეჰანი მოვაჭერი. საფრანგეთში რეჰანს მოთუხთუხე კერძში არასოდეს არ ჩააჭრიან, რადგან ადუღებისას მთელ არომატს კარგავს. 

შეგვიძლია ამასთან ერთად მოვამზადოთ ბრინჯი და სუფრაზე ერთად გავიტანოთ :) 

bon apetit !!! 

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა

No comments:

Post a Comment